ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა კრემლის მიერ ანექსირებული უკრაინის 4 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი

კრემლში, რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონების – „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. შეკრებილებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართა და თქვა, რომ რუსეთის „ოთხი ახალი რეგიონის, ოთხი ახალი სუბიექტის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მილიონობით ადამიანის ნებას წარმოადგენს“, რასაც, როგორც მან დარწმუნებით თქვა, ფედერალური კრება მხარს დაუჭერს.

პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას ბრძოლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ამაზე არაერთხელ ითქვა. მინდა, რომ ჩემი შეისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მათმა რეალურმა პატრონებმა დასავლეთში: დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები ხდებიან. სამუდამოდ! ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენ ხელთ არსებული ყველა ძალითა და საშუალებით, გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ადამიანების უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საბჭოთა წარსული არ დაბრუნდება და ეს რუსეთს დღეს არც სჭირდება. „1991 წელს ბელოვეჟში, უბრალო მოქალაქეების უკითხავად, მაშინდელი პარტიული ელიტის წარმომადგენლებმა სსრკ-ს დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. და ადამიანები უეცრად აღმოჩნდნენ თავიანთი სამშობლოდან მოწყვეტილი… რაც ნაციონალურ კატასტროფად იქცა. საბჭოთა კავშირი აღარ არის. წარსული არ შეიძლება დაიბრუნო. და რუსეთს ეს დღეს არც სჭირდება. ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით… მაგრამ არაფერია იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი კულტურით, რწმენით, ტრადიციით, ენით, საკუთარ თავს რუსეთის ნაწილად მიიჩნევენ“, – აღნიშნა პუტინმა.

მოგვიანებით, პუტინი წითელ მოედანზე გამართულ მიტინგს-კონცერტს შეუერთდა და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ახალი ტერიტორიების მიერთებით უფრო ძლიერი გახდა.

პუტინის ქმედებებს ოფიციალურმა კიევმა ნატოსადმი თხოვნით მიმართა – დააჩქაროს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მთელი უკრაინიდან განდევნის რუსებს.

guardian.ge