ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა და ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკის მშენებლობა წამოიწყეს

 რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკკუიუს“ მესამე ენერგობლოკის ფუნდამენტის მშენებლობის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მშენებლობა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რუსული სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომის“ მიერ ხორციელდება.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ეკონომიკას.

„მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ რუსი და თურქი სპეციალისტების – ბირთვული მეცნიერების, ინჟინრების, მუშების – კოორდინირებული ძალისხმევა საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველვყოთ ატომური ელექტროსადგურის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად აშენება და თვით კარგად ცნობილმა სირთულეებმა, რაც კორონაპანდემიით არის გამოწვეული, „აკკუიუს“ პროექტის რეალიზაციაში ხელის შეშლა ვერ შეძლო“, განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ მეოთხე, ბოლო ბლოკის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება და ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ატომურ ელექტროსადგურს ნახშირორჟანგის ნულოვანი დაბინძურება აქვს და გარემოს არ აზიანებს.

პირველი აგრეგატის მშენებლობა 2018 წლის აპრილში დაიწყო, მეორის 2020 წლის ივნისში, მეოთხე, საბოლოო ბლოკის მშნებელობის დასრულების შემდეგ კი ატომური ელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 4 800 მეგავატზე იქნება გათვლილი. მოელიან, რომ „აკკუიუს“ სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ეს თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგური იქნება. მისი მშენებლობა დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება.

GUARDIAN.GE