ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პუტინმა ბაიდენს „წითელი ხაზები“ განუსაზღვრა – NATO-ს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით და შეტევითი იარაღის განლაგება უკრაინასა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებში, ბაიდენი კი მოსკოვს უკრაინის გამო მასშტაბური სანქციებით დაემუქრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან ონლაინ ფორმატში გამართული მოლაპარაკებებისას, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, თავის ამერიკელ კოლეგას იმ „წითელ ხაზებსა“ და საფრთხეებზე ესაუბრა, რომელიც მოსკოვს აშფოთებს, ბაიდენმა კი თავის მხრივ, უკრაინის გარშემო შექმნილი გამწვავებული მდგომარეობის შესახებ გამოთქვა წუხილი, – იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ლიდერის თანაშემწეზე, იური უშაკოვზე დაყრდნობით.

უშაკოვის თქმით, პუტინმა ბაიდენს „წითელი ხაზები“ განუსაზღვრა – ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით და შეტევითი იარაღის განლაგება უკრაინასა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებში.

უშაკოვის თქმითვე, პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას ასევე უთხრა, რომ მაშინ, როცა ვაშინგტონი წუხს რუსეთის ჯარების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვს აშფოთებს საკუთარი უსაფრთხოება გლობალური მასშტაბით.

უშაკოვმა საკუთარი ინეტრპრეტაციით გადმოსცა პუტინის სიტყვები: „პუტინმა თქვა, რომ თქვენ ამაერიკელებს, გაშფოთებთ ჩვენი ბატალიონები რუსეთის ტერიტორიაზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ათასობით კილომეტრის დაცილებით, ხოლო ჩვენ რეალურად გვაშფოთებს ჩვენი უსაფრთხოება, რუსეთის უსაფრთხოება გლობალური გაგებით, გლობალური მასშტაბით. ეს არის მოკლედ ის, რაც პუტინმა თქვა საუბრის დასასრულს“, – განაცხადა უშაკოვმა.

უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ შეკითხვის საპასუხოდ უშაკოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ჯარები თავის ტერიტორიაზე იმყოფებიან და არავის ემუქრებიან, ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა“.

კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, პუტინმა ბაიდენთან პირდაპირ გამოხატა შეშფოთება იმაზე, რომ უკრაინა და ნატო აძლიერებენ სამხედრო ძალების თანამშრომლობას და ვაშინგტონისაგან „გარკვეული გარანტიები, მათ შორის იურიდიული გეგმის გარანტიები მოითხოვა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და შექმნის ჩვენი ნორმალური განვითარების პირობებს“.

თავის მხრივ, ბაიდენმა თავის რუს კოლეგას პირობა მისცა, რომ მოსკოვის წუხილებს აშშ-ის მოკავშირეების წრეში განიხილავს. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე დაიწყონ დიალოგი, რომელშიც თავიანთი წარმომადგენლები და თანაშემწეები იქნებიან ჩართული, – აღნიშნა უშაკოვმა, რომლის თქმითაც მოლაპარაკებისას „ძალიან დიდი დრო“ უკრაინას დაეთმო.

უშაკოვის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტს კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობისა და შეთანხმებების საბოტაჟის, ასევე საკონტაქო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურების თაობაზე.

ბაიდენმა, თავის მხრივ, გამოხატა აშშ-ის და ნატოს შეშფოთება რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრების სიახლოვეს გადაადგილების გამო. უშაკოვის სიტყვებით, თეთრი სახლის ლიდერმა ასევე გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინის გარშემო მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების მომზადებას აპირებს, რაც იქნება „როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური, პოლიტიკური სანქციები, რომელიც გამოყენებული იქნება, თუკი უკრაინის გარშემო სიტუაციის შემდგომ ესკალაციას ექნება ადგილი“, – დააზუსტა პუტინის მრჩეველმა და დაამატა: „ბაიდენმა შეგვახსენა შესაძლო სანქციების ზომებზე. იმაზე, რაზეც აქამდეც საჯაროდ იყო ხოლმე საუბრები და სხვადასხვა არხებით მოდიოდა ინფორმაცია, ახლა ითქვა საკმაოდ მისაღები ფორმით, რომელიც საპრეზიდენტო დონეს შეეფერება“.

ამავე დროს, უშაკოვმა უცნაურ შეკითხვად აღიქვა, მისცა თუ არა პუტინმა ბაიდენს რაიმე გარანტია იმის შესახებ, რომ ჯარები არ იქნებოდა გაგზავნილი უკრაინაში. „ეს არც კი განხილულა. როგორ უნდა გაიგზავნოს ჯარები უკრაინაში? რა არის ეს? შეჭრა თუ რა? ამაზე საუბარი არც კი ყოფილა“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

მისი შეფასებით, არ არის მოსალოდნელი, რომ პუტინისა და ბაიდენის ონლაინ შეხვედრამ რაიმე განსაკუთრებული გარღვევა გამოიწვიოს ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ ლიდერებმა აჩვენეს მუშაობისა და დიალოგის განწყობა.

კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს დიდი დრო დასჭირდებათ მათ შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

„პუტინს და ბაიდენს ესმით, რომ მათ არ უნდა ჩაშალონ დიალოგი, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ უნდა ისწრაფვოდნენ ურთიერთობების ნრომალიზაციისა და თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს იყო მოლაპარაკების პრეამბულა“, – განაცხადა უშაკოვმა, რომლის სიტყვების ციტირებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

GUARDIAN.GE