ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მან პარლამენტს უთხრა, რომ პირველ რიგში ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად მას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დართოს ნება.

იგი ხელისუფლების სათავეში უკვე 20 წელიწადია და ამჟამინდელი კანონმდებლობით მას პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ კენჭისყრის უფლება აქვს და მისი ამჟამინდელი მეორე ვადა 2024 წელს იწურება, თუმცა მანამდე იგი ორჯერ ერთმანეთს მიყოლებული ვადით იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე ძალაუფლებას ფორმალურად დიმიტრი მედვედევს გადააბარებდა და თავად პრემიერ მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებდა, რის შემდეგაც ისევ თავად დაბრუნდებოდა ქვეყნის სათავეში.

პარლამენტში – სახელმწიფო სათათბიროში – უმრავლესობა პუტინის მხარდამჭერები არიან.

რუსეთი 22 აპრილს, საბჭოთა ბელადის, ვლადიმერ ლენინის დაბადების დღეს, „საჯარო კენჭისყრას“ გამართავს და გადაწყვეტს თუ რამდენად დაეთანხმება კონსტიტუციურ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეცვლის პრეზიდენტის ინსტიტუტსა და პარლამენტს შორის არსებულ ბალანსს ძალაუფლების განაწილების თაობაზე.

ცვლილებები, რომლის თაობაზეც პუტინმა სამშაბათს სატელევიზიო სიტყვაში ისაუბრა, სახელმწიფო დუმის წევრის, ვალენტინა ტერეშკოვას, პირველი კოსმონავტი ქალის და ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მტკიცე მხარდამჭერის მიერ არის ინიცირებული  და იგი უკვე დუმის მიერ მოწონებულია და პუტინის თქმით, ის საბოლოო კანონის სახით ჩამოყალიბდება თუკი 22 აპრილს მას საჯარო კენჭისყრისას რუსეთის მოქალაქეები მხარს დაუჭერენ და „თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ამგვარი ცვლილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის“.

ამ წინადადებაზე თანხმობა, პუტინის თქმით, ნიშნავს „ნებისმიერ პიროვნებაზე, ნებისმიერ მოქალაქეზე, მათ შორის ახლანდელ პრეზიდენტზე შეზღუდვის მოხსნას და მათთვის მომავალში არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ნების დართვას ბუნებრივად ღია და კონკურენტულ არჩევნებში“.

პუტინმა ასევე თქვა, რომ იგი დუმის ვადამდელი არჩევნების საჭიროებას ვერ ხედავს, რითაც ზოგიერთი დეპუტატის წინადადება უარყო.

ინტენსიური დებატები გამოიწვია იანვარში მის მიერ სახელმწიფო დუმისათვის საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადების კანონპროექტის მოულოდნელად წარდგენამ. მან კანონმდებლებს პრეზიდენტის ძალაუფლების გარკვეული ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემა შესთავაზა.

სამშაბათს თავის სიტყვაში პუტინმა თქვა, რომ „ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი აბსოლუტურად არსებითია“, მაგრამ დაამატა, რომ დუმამ „უფრო მეტი ძალაუფლება უნდა მიიღოს“. მისი თქმით, ამგვარი ცვლილებები „გააძლიერებს ჩვენს სუვერენიტეტს, ტრადიციებს და ღირებულებებს“ მსოფლიოში, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის და ისეთი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები და კორონავირუსი.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, როგორც ეს პუტინმა აღნიშნა,  „რუსეთს სჭირდება გარანტია, რომ ძალაუფლების სათავეში მყოფი ადამიანები რეგულარულად შეიძლება შეიცვალონ“.

მან ასევე გამორიცხა დასავლური სტილის საპარლამენტო სისტემა, აღნიშნა რა, რომ „ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში წლების განმავლობაში მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ“.

თუკი ყველაფერი დაგეგმილი სცენარით განვითარდა და ამას ასეთი პირი უჩანს, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლების სათავეში შესაძლოა სულ მცირე 2036 წლმადე დაჰყოს, თუ მანამდე იგი ქმედუუნარო არ გახდა ან არ გარდაიცვალა. იგი წელს 68 წლის ხდება და 2036 წელს 84 წლის იქნება.

რუსეთში პრეზიდენტს 6 წლის ვადით ირჩევენ.

GUARDIAN.GE