აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინის და ერდოღანის შეხვედრისას მიღწეული „ისტორიული შეთანხმება“

თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ქურთული შეიარაღებული ძალების სირია-თურქეთის საზღვრიდან მოცილებით არსებულ პოზიციებზე დარჩენაზე და აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა „ისტორიული“ უწოდეს. ახლა სირია-თურქეთის საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას თურქეთი და რუსეთი განახორციელებენ.

თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს წამოიწყო, რათა თავისი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებიდან ქურთული ძალები განედევნა და იქ ბუფერული ზონა შეექმნა – ოპერაცია რომლის დაწყებამაც შეერთებული შტატები – ქურთი მებრძოლების მოკავშირეები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში – შეაშფოთა და ტრამპი თურქეთს სრული ეკონომიკური განადგურებითაც კი დაემუქრა, თუმცა აშშ-ის კონგრესის მიერ ანკარას წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალა, საკითხის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა არჩია და თურქეთში ერდოღანთან მოლაპარაკებების მიზნით ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიავლინა. მხარეებმა ცეცხლის 5 დღით შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

სირიაში თურქეთის შეჭრამ შეშფოთება გამოიწვია მოსკოვშიც, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დიდი ხნის მოკავშირეა.

რუსეთ-თურქეთის შეთანხმებას წინ უძღოდა გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრაპის მიერ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება გაეყვანა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან ამერიკული ჯარები, რომლებმაც ქურთი მებრძოლების დახმარებით დაამარცხეს „ისლამური სახელმწიფო“. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ტრამპის ამ ნაბიჯმა რეგიონში რუსეთისა და თურქეთის გავლენა განამტკიცა.

თურქეთისთვის ეს ნიშნავს, რომ შეინარჩუნებს კონტროლს ტერიტორიებზე, რომელსაც ქურთების განდევნის ხარჯზე მიაღწია, ხოლო რუსეთი თავისი შეიარაღებული ძალების მეშვეობით სირიის დარჩენილ საზღვარს გააკონტროლებს.

შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის განახლების საჭიროება არ არსებობს – ოპერაციის, რომელიც 5 დღით იყო შეჩერებული და ამასობაში ქურთი მებრძოლები თურქეთის „უსაფრთხო ზონიდან“ უკვე გავიდნენ.

რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და თურქეთი?

თურქეთმა ხელთ იგდო 120 კილომეტრიის სიგრძის სახმელეთო ზოლი ქალაქებს რას ალ-აინსა და ტალ აბიადს შორის, რათა შექმნას „უსაფრთხო ზონა“ და იქ, ამჟამად თურქეთში მყოფი 2 მილიონამდე სირიელი დევნილი დაასახლოს. რუსეთმა კი თანხმობა განაცხადა ნება დართოს თურქეთს ოპერაციისთვის, რათა ორ მხარეს შორის კონფლიქტის რისკი განეიტრალდეს.

რუსეთის და თურქეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქურთული ძალები „გაყვანილი იქნებიან“ მანბიჯიდან და რიფატიდან – ქალაქებიდან, რომლებიც სამხედრო ოპერაციის მიღმა ზონაში მდებარეობენ. ჯერჯერობით ქურთულ მილიციას არ განუცხადებია, დაეთანხმებიან თუ არა ამ მოთხოვნებს.

გეგმის მიხედვით, რუსეთი თურქეთთან ერთად განახორციელებს პატრულირებას ჩრდილოეთ სირიის ზოგიერთ ნაწილში, რათა ქურთული შეიარაღებული ძალების სირია-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დაბრუნების რისკები გამოირიცხოს. პატრულირება ოთხშაბათს დაიწყება.

ასევე ოთხშაბათს დაიწყება რუსულ-თურქული ერთობლივი პატრულირება იმ ადგილებშიც, სადაც თურქული შეიარაღებული ძალები არ ოპერირებენ.

ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრისა და მათ შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ გამოცხადდა.

კრემლის ცნობით, ასადმა პუტინს მადლობა გადაუხადა და „გამოხატა თავისი სრული მხარდაჭერა მიღწეული შეთანხმებისადმი, ისევე როგორც მზადყოფნა, რუსეთის სამხედრო პოლიციასთან ერთად დაიცვას სირიის საზღვარი თურქეთის გასწვრივ“.

guardian.ge