ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პროტესტი ერევანში – პაშინიანმა მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, საყოველთაო გაფიცვისა და ქუჩების გადაკეტვისაკენ მოუწოდა

ერევანში პროტესტანტებმა აეროპორტ „ზვართნოცისკენ“ მიმავალი გზის ბლოკირება დაიწყეს, ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებსა და ახალი ამბების სააგენტოებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ გზა ორივე მხრიდანაა გადაკეტილი და პოლიცია მომიტინგეებთან გზის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სამშაბათს, ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ მინისტრად არ აირჩია, მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ 2 მაისის დილიდანვე დაიწყონ მასშტაბური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა, გადაკეტონ ყველა ქუჩა და აეროპორტისკენ მიმავალი გზა.

სომხეთის პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ მინისტრობის ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკოლ პაშინიანის არჩევა.

მას ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, საჭირო კი, სულ მცირე 53 პარლამენტარის მხარდაჭერა იყო. საკითხის განხილვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურ სხდომაზე შედგა.

ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახალი არჩევნები 7 დღის შემდეგ უნდა გაიმართოს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, მეორე ტურში კანდიდატები უნდა წამოაყენონ უკვე არა ცალკეულმა ფრაქციებმა, არამედ დეპუტატთა საერთო რაოდენობის ერთმა მესამედმა და თუკი სახელმწიფოს მეთაურს მეორედაც ვერ აირჩევენ, მაშინ ეს პარლამენტის – ნაციონალური კრების ავტომატურ დაშლას გამოიწვევს.

მას შემდეგ რაც ქვეყნის პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ მინისტრის არჩევა, პაშინიანის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ერევანში მიტინგებს „გამარჯვებამდე“ გამართავენ.

სომხეთის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და დაამატა, რომ სომეხი ხალხი არ ითხოვს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.

გარდა ამისა, პაშინიანის თქმით, ქვეყანას მოუწევს ირანთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელება.

მას შემდეგ რაც მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უარი განაცხადა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე, პაშინიანი აღნიშნული პოსტის ერთადერთი პრეტენდენტი გახდა.

პაშინიანის კანდიდატურა იმ ოპოზიციურმა ფრაქციამ – „ელკი“ – წამოაყენა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

პაშინიანი 13 აპრილიდან სომხეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, რაც 23 აპრილს ქვეყნის პრემიერ მინისტრის, სომხეთის ორგზის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა.

როგორ შეიცვალა ძალთა ბალანსი სომხეთის პარლამენტში სარგსიანის გადადგომის შემდეგ? 

სერჟ სარგსიანის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვებიდან ორ დღეში რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტუნმა“ სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიიდან“ გასვლის შესახებ გამოაცხადა.

ფედერაციის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრემიერ მინისტრი, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა ექნება. მათი აზრით, ახალი ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანად უნდა იქცეს დაძაბულობის შენელება, პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, ასევე პარლამენტის ახალი რიგგარეშე არჩევნების უზრუნველყოფა.

ფრაქცია „დაშნაკცუტუნს“ სომხეთის 105 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში 7 მანდატი გააჩნია. პრემიერ მინისტრის კანდიდატურის დასამტკიცებლად კი აუცილებელი 53 დეპუტატის მხარდაჭერაა. სომხეთის პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს, „დაშნაკცუტუნის“ ჩათვლით, ერთად, 47 მანდატი გააჩნიათ – ბლოკი „ცარუკიანი“ -31, ბლოკი „ელკი“ – 9, „დაშნაკცუტუნი“ – 7.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და  პარლამენტის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტზე 17 აპრილს არჩეული სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 6 დღეში, 23 აპრილს, 10-დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.

GUARDIAN.GE