საქართველო

პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო – არსებულ ცხრილს სომხური და აზერბაიჯანული ენების ტელეგაკვეთილები დაემატება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო.

ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალება ეძლევა, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

„ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

გაკვეთილების თხრობისას გათვალისწინებულია სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

არსებულ ცხრილს ეტაპობრივად ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე, აზერბაიჯანულისა და სომხური ენების ტელეგაკვეთილები დაემატება. სამინისტრო და პირველი არხი მუშაობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების ტელეფორმატის შესაქმნელადაც.