საქართველო

პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ დიოკნისში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა, სადაც კახაძეების ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს მეურნეობის მეპატრონემ იური კახაძემ უმასპინძლა.

ოჯახმა ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 5000 ლარის დაფინანსება მიიღო და სასათბურე მეურნეობა მოაწყო. სათბურში, სეზონის შესაბამისად, გამოყავთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის ჩითილები. ამასთან, ოჯახს გაშენებული აქვს ალუჩის ბაღი და მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანაში აბარებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელ დიოკნისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დასრულების ეტაპზეა სასმელი წყლის პროექტი, რის შემდეგაც დაგეგმილია სოფლის შიდა გზების მოწესრიგება. სოფელს უკვე აქვს ევროპული სტანდარტების სკოლა, სადაც აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები ქართულ სექტორზე ერთად სწავლობენ.