საქართველო

პრემიერ-მინისტრმა გურიაში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.

„პაპუნას ყველა იცნობთ, იგი ნამუშევარია გუბერნატორად და აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება“, – აღნიშნა პრემიერმა.

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

„მამუკას აქვს ბევრი ნამუშევარი რეგიონში, მას რეგიონში იცნობენ და აქვს საჯარო მოხელის გამოცდილება, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის, რომელიც ხელს შეუწყობს, ეფექტიანად შეასრულოს შიდა ქართლის გუბერნატორის ფუნქციები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

„მცხეთა-მთიანეთი. დათო არის დიდი ხნის საჯარო მოხელე, დიდი ხნის გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, რომ დათოს ხელი მცხეთა-მთიანეთს დაეტყობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე.

„გიორგიც გამოცდილი საჯარო მოხელეა და დარწმუნებული ვარ, რომ გურიაში, როგორც მინიმუმ, წარმატებულად გამოცოცხლდება ცხოვრება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში გუბერნატორებად დაინიშნენ ისინი, ვინც აქამდე მათ მოვალეობას ასრულებდნენ. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში – მალხაზ თორია; კახეთში – ირაკლი შიოშვილი.

სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობებზე რჩებიან ქვემო ქართლში – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი , ხოლო იმერეთში – ზვიად შალამბერიძე.