საქართველო

პრემიერ მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო

გიორგი კვირიკაშვილი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს.

სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად“, ნათქვამია პრემიერ მინისტრის სამძიმრის წერილში.

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი, რომელსაც ექიმის თქმით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა, ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ოთხშაბათს, ნაშუადღევს, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 არასრულწლოვანი დაშავდა. 5 მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შენობის გარე ფასადიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რამაც მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, დაახლოებით, დღის 15:30 საათზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს“, ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს.

მისი თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.