მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გარი კონმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი გარი კონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ კონი, თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი, განაწყენებული იყო ტრამპის გეგმების გამო, რაც ალუმინისა და ფოლადის იმპორტებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონი ამბობს: „დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის“.

კონის თანამდებობიდან წასვლა ტრამპის გუნდში დაწყებული გადადგომების სერიების ჯერჯერობით ბოლო ახალი ამბავია.

ბანკ Goldman Sachs-ის 57 წლის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპს გასულ წელს საგადასახადო რეფორმების განხორციელებაში დაეხმარა, თუმცა როგორც ირწმუნებიან, ისინი ერთმანეთთან ახლოს არასდროს ყოფილან.

როგორც BBC წერს, გარი კონი იყო „დემოკრატი“ თანამდებობის პირი „რესპუბლიკურ“ თეთრ სახლში; ეკონომიკური გლობალისტი, რომელიც იმ პრეზიდენტის გუნდში იყო მთავარი ეკონომიკური მრჩეველი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ ნაციონალიზმს ქადაგებდა.