საქართველო

პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ, ეს გავრცელდება ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტში განაცხადა. ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„კანონში არსებობს კოლიზია, პირველის პრიმა და მეოთხე პუნქტებს შორის. პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, უპირობოდ უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა.

მეოთხე პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო თანამდებობის პირს და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც უფლებამოსილების შეწყვეტის ვადის გასვლის შემდეგ დაცვა ენიშნებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ეს იყო კოლიზია – ერთი პუნქტი გვეუბნებოდა რომ უნარჩუნდება, მეორე გვეუბნებოდა რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ენიშნებოდა.

ჩვენ შემოვიტანეთ ახალი პროექტი – მეოთხე პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დაცვა შეუნარჩუნდება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით“, – აღნიშნა ჩუბინიძემ.

ამასთან, ანზორ ჩუბინიძემ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის კითხვას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

„თქვენს კითხვაზე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა გადადგა თუ არა პოსტიდან, მაშინათვე შეუწყდა სახელმწიფო დაცვა. მას ჰყავს დაქირავებული, ანუ კომერციული სახით დაცვის პოლიციიდან აყვანილი დაცვა. ის ამ მომსახურებაში იხდის თანხას და არავითარ კავშირში არ არის სახელმწიფო დაცვასთან“, – აღნიშნა ჩუბინიძემ.

ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის საკითხითაც, დანიშნული ყავს თუ არა მას დაცვა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ აღნიშნა, მას სახელმწიფო დაცვა ჰყავს.

ამასთან, გოგორიშვილის კითხვაზე, ჩუბინიძემ დააკონკრეტა, ამ კანონის მიღების შემდეგ, რა მოხდება ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით:

„ამ კანონის მიღების შემდეგ, როდესაც კანონი ძალაში შევა, მიმდინარე დაცვის ღონისძიებათა შემდგომი განხორციელების საკითხი დარეგულირდება ამ კანონით განსაზღვრული ვადებისა და წესების დაცვით. როგორც კი შეუსრულდება ირაკლი ღარიბაშვილს, შეუწყდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომსახურების გაწევა“, – აღნიშნა ჩუბინიძემ და დააკონკრეტა ისიც, რომ რადგანაც ირაკლი ღარიბაშვილის ერთწლიანი ვადა გასულია, მასზე ნორმა გავრცელდება და დაცვა შეუწყდება.

ანზორ ჩუბინიძემ ასევე აღნიშნა, რომ იგივე წესი ვრცელდება ყოფილ პრეზიდენტებზეც.

„სახელმწიფო დაცვა ყველას შეუწყდება, ოღონდ, ამის საფუძველი თუ არ გახდა მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილება. ვინ უნდა ჩათვალოს ამის საჭიროება – მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა და დაზვერვის სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციით, თუ არსებობს რამე ან მისი სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის მუქარასთანაც დაკავშირებით. ეს საკითხი უნდა გახდეს განხილვის თემა და აქედან გამომდინარე, მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება, ან გაუგრძელოს, ან დაუტოვოს. თუ ეს არის რისკის შემცველი, უნდა მოითხოვონ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და პირველ რიგში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და უნდა მოხდეს გაგრძელება. დაცვის მინიმალური სტანდარტები უნდა დაამტკიცოს სახელმწიფომ და მათი აღსრულება უნდა მოახდინოს საჭიროების მიხედვით სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა – ეს არის ჩვენი შემოთავაზება“, – აღნიშნა ჩუბინიძემ.

 1tv.ge