მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილება ფედერალურ მთავრობას უფლებას აძლევს საგანგებო თანხები – 50 მილიარდი აშშ დოლარი წარმართოს ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებებისთვის.

ეს ნაბიჯი ამსუბუქებს სამედიცინო სადაზღვევო რეგულაციებს და ახალი საავადმყოფოების შექმნისა და მკურნალობის ახალი გზების ძებნის საშუალებას იძლევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 920 შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაცვლილია 41 ადამიანი.

ტრამპის განცხადებამდე იტალიამ, რომელიც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი კორონავირუსით, გამოაცხადა, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა – ბოლო24 საათის განმავლობაში ინფექციამ 250 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 266 შეადგინა, ინფიცირებული კი 17 660 ადამიანია.

უფრო ადრე ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რადიკალური ზომები მიიღო და ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის დროებითი შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

სატლევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ევროპის 26 ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა მომდევნო 30 დღის განმავლობაში იქნება შეჩერებული, მაგრამ დასძინა, რომ „მკაცრი და საჭირო“ შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, სადაც ამ დროისთვის ინფექციის  460 შემთხვევაა დადასტურებული.

„ჩვენს სანაპიროებზე ახალი შემთხვევების შემოსვლისაგან თავის დასაზღვევად, ჩვენ ვაჩერებთ ევროპიდან ყველა მგზავრობას“, განაცხდა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათ საღამოს თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან მიმართვისას. მან დაამატა, რომ ახალი წესები ძალაში პარასკევს, შუაღამიდან შევა.

სამგზავრო შეზღუდვები არ შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა „მსგავსი უსაფრთხოების ზომების მიღების მხრივ“.

პრეზიდეტის  განცხადება ტრამპის მიმართვიდან მალევე გამოქვეყნდა და ზუსტად განსაზღვრავს აკრძალვის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყნებს – აკრძალვა შეეხება ყველა მოქალაქეს, რომელიც ევროპის შენგენის თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე ამერიკაში გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში  იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ირლანდია ამ სიიდან გამოირიცხება, რადგან ის შენგენის 26 ქვეყანაში არ შედის. ბულგარეთი, ხორვატია და რუმინეთი ასევე ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ შენგენის თავისუფალ ზონას არ მიეკუთვნებიან.

ტრამპმა განაცხადა, რომ მგზავრობის შეჩერება ასევე „შეეხება უზარმაზარი ოდენობის სავაჭრო ტვირთებს“, რომელიც ევროპიდან შედის ამერიკაში, მაგრამ მოგვიანებით „თვითერზე“ დაწერა, რომ ახალ ზომებს „ვაჭრობაზე არც ერთ შემთხვევაში გავლენა არ ექნება“.

მან ასევე გამოაცხადა მთავრობის გეგმის თაობაზე თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მცირე ბიზნესები მილიარდობით დოლარით და სესხებით და დაჟინებით მოუწოდა კონგრესს მიიღოს საგადასახადო შეღავათების ზომები, რათა კორონავირუსის აფეთქებისაგან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა შენელდეს.

„ჩვენ თავს ვუყრით ფედერალური მთავრობის და კერძო სექტორის მთელ ძალაუფლებას, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი“, განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოცხადდა. პანდემია არის დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად ვრცელდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა სახელმწიფოთა მთავრობებს შეცვალონ კურსი და „გადაუდებელი და აგრესიული ქმედებები“ განახორციელონ.

პანდემიის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს – დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს – შესაძლოა კორონავირუსი შეეყაროს.

მერკელმა აღნიშნული პროგნოზის შესახებ ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან, ჯენს სპანთან გვერდით მდგომმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რადგან ინფექციის წამალი არ არსებობს, ფოკუსირება ვირუსის გავრცელების შენელებაზე უნდა მოხდეს.

GUARDIAN.GE