მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტმა ტრამპმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაჟინებით მოითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მაგრამ განსხვავებით წინა განცხადებისაგან, ოვალური ოფისიდან ერისადმი მის პირველ სატელევიზიო მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რაც კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობის დაფინანსების საშუალებას მისცემდა.

„რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი შეუვალია და უკვე 18 დღის განმავლობაში მთავრობის ნაწილობრივ დახურვის და „დემოკრატების“ მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაჟინებით ცდილობს 5.7 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტში აკუმულირებას, რათა მისი წინასაარჩევნო აღთქმა – აშშ-მექსიკის საზღვარზე ფოლადის კედლის აღმართვის თაობაზე – სისრულეში მოიყვანოს.

სატელევიზიო მიმართვის შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებმა ტრამპს ამერიკელი ხალხის მძევლად აყვანაში დასდეს ბრალი. „დემოკრატები“, რომელთაც 2018 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში კონტროლი აიღეს, არაფრის დიდებით არ ემხრობიან ტრამპის იდეას და ბიუჯეტის შეთავაზებულ პროექტს მხარს არ უჭერენ.

მთავრობის მეოთხედი სტრუქტურები დახურულია და სამთავრობო უწყებების ამდენხნიანი უფუნქციობა მეორე ყველაზე მასშტაბურია ისტორიაში. მთავრობის 800 000-ზე მეტი თანამშრომელი 18 დღეა უხელფასოდაა დარჩენილი.

რა განაცხადა ტრამპმა?

8-წუთიან მიმართვაში, რომელიც სამშაბათ ღამით ყველა წამყვანი ამერიკული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა, ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა დახურული „დემოკრატების“ გამო რჩება.

მექსიკის საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას მან თქვა: „ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი, კრიზისი გულის და კრიზისი სულის“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკაში გაყიდული ჰეროინის 90% მექსიკიდან შემოდის, თუმცა აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, მკაფიოა, რომ კონტრაბანდული ნარკოტიკის მხოლოდ მცირე პროცენტი თუ აღწევს მექსიკის საზღვრიდან.

ტრამპმა მართებულად აღნიშნა, რომ ადრე „დემოკრატები“ მხარს უჭერდნენ მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის შექმნას.

2006 წელს, სენატორებმა ჩაკ შამერმა, ბარაქ ობამამ, ჰილარი კლინტონმა და ჯო ბაიდენმა ხმა მისცეს 700 მილის (1 120კმ) ღობის გავლების წინადადებას, დაახლოებით 2 000 მილის საზღვრის გასწვრივ.

ტრამპმა მოიშველია ისეთი საქმეები, რომლის მიხედვითაც „ცივსისხლიანად და სასტიკად იქნენ მოკლულნი“ ამერიკის მოქალაქეები არალეგალი მიგრანტების მიერ.

„კიდევ რამდენი ამერიკელის სისხლი უნდა დაიღვაროს სანამ კონგრესი თავის საქმეს შეასრულებს?“ იკითხა მან.

ოთხშაბათს ტრამპი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს შეხვდება და კვლავ შეეცდება მათ დარწმუნებას კედლის მშენებლობის აუცილებლობაზე. ხუთშაბათს კი პრეზიდენტი სამხრეთ-დასავლეთ საზღვარს მოინახულებს.

guardian.ge