მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტმა ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

„გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად იქნეს აღიარებული იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა მის გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად „დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯი“ უწოდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ეს მოწონებული იქნება ორივე მხარის, ისრაელის და პალესტინელების მიერ.

გადაწყვეტილების მიღებამდე პალესტინელების პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამას „სახიფათო შედეგები ექნება“ რეგიონისთვის.

ტრამპის მიერ დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე The Washington Post-ი წერდა, რომ პრეზიდენტი გეგმავდა შეერთებული შტატების ათწლეულების პოლიტიკის გადატრიალებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალური აღიარებით და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან ამ ქალაქში გადატანით, რამაც გამოცემის თქმით, შესაძლოა კატასტროფული მარცხი გამოიწვიოს თეთრი სახლის სამშვიდობო ძალისხმევების კუთხით და წარმოშვას რეგიონული მღელვარება.

ტრამპის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან დონალდ ტრამპს უთხრა, რომ „შეშფოთებულია“ იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი როგორც ისრაელის დედაქალაქი.

ნებისმიერი გადაწყვეტილება იერუსალიმის სტატუსზე უნდა იქნას მიღებული „ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების ჩარჩოებში“, განაცხადა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ.

უფრო ადრე მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთა რამდენიმე არაბულმა და მუსულმანურმა სახელმწიფომ. სამშაბათს კი მათ რიგებს თურქეთიც შეუერთდა.

 

რა ხდება იერუსალიმთან დაკავშირებით? 

ორივე, ისრაელი და პალესტინა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია.

ყველა პრეზიდენტი, მათ შორის ტრამპი ყოველ ექვს თვეში ხელს აწერს შეერთებული შტატების ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადადების დოკუმენტს მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონგრესმა მიიღო აქტი საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელის პალესტინელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი საკითხია. პალესტინელებს მხარდაჭერას მთელი არაბული და ისლამური სამყარო უცხადებს.

ქალაქში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი რელიგიური მიმდინარეობების – იუდაიზმის, ისლამის და ქრისტიანობის უწმინდესი ადგილებია.

ისრაელმა ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა და მთელ ქალაქს მის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ და 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მისი საბოლოო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე უნდა იქნეს განხილული.

ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე, არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, და ყველა ქვეყანა, მათ შორის ისრაელის ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირე, შეერთებული შტატები, თავიანთ საელჩოებს თელ-ავივში ინარჩუნებს.

GUARDIAN.GE