ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში „F-16“ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა

უკრაინის უმაღლესი ოფიციალური პირების მხრიდან საჰაერო მხარდაჭერის განახლების მოწოდებების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში „F-16“ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აშშ ხომ არ უზრუნველყოფს უკრაინას თვითმფრინავებით, ბაიდენმა მარტივად უპასუხა – „არა“. მისი კომენტარი ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის ლიდერმა ასევე გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის მიწოდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი არ გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინაში, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა კონფლიქტის ესკალაციის რისკის შესახებ. „პრინციპში, არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა მაკრონმა დანიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, კიევისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნის შესაძლებლობაზე დასმული შეშეკითხვის საპასუხოდ. მან მიწოდების პირობებზე საუბრისას თქვა, რომ შეიარაღება არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის და უკრაინამ ის მხოლოდ წინააღმდეგობის დასაძლევად უნდა გამოიყენოს. ამასთან, მაკრონმა დასძინა, რომ იარაღის ნებისმიერმა მიწოდებამ „არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები“.

„F-16“ ფართოდ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საიმედო გამანადგურებელ თვითმფრინავად მსოფლიოში და გამოიყენება სხვა ქვეყნებში – ბელგიასა და პაკისტანში.

ისინი მნიშვნელოვანი განახლება იქნებოდა საბჭოთა ეპოქის საბრძოლო თვითმფრინავების ჩანაცვლების მხრივ, რომლებსაც უკრაინა ამჟამად იყენებს და რომლებიც მანამდეა გამოშვებული, სანამ ქვეყანა სსრკ-დან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 30 წელზე მეტი ხნის წინათ. მიუხედავად ამისა, ბაიდენმა არაერთხელ უარყო უკრაინის მოთხოვნა თვითმფრინავების შესახებ და ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილა სხვა სფეროებში სამხედრო მხარდაჭერაზე.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, მათ შორის ნიდერლანდებს, ჯერ არ გაუციათ საბოლოო პასუხი იმის შესახებ, გაგზავნიან თუ არა საბრძოლო თვითმფრინავებს. თუმცა, პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად იქნება, რომ ნატოსთან კოორდინაციით, უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები მიაწოდოს.

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იგი გერმანული წარმოების „Leopard 2“ ტანკების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება [ტანკების გაგზავნის შესახებ] და მორიგი დებატები იწყება გერმანიაში, ეს უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება“, – თქვა მან.

ოთხშაბათს გერმანიამ, მოკავშირეების ერთკვირიანი ზეწოლის შემდეგ, უკრაინისთვის მის მიერ წარმოებული 14 ტანკის, „Leopard 2“-ის მიწოდების ვალდებულება აიღო.

გერმანიის მიერ ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას თავის „M1 Abrams“ ტანკებს მიაწვდიდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრი მელნიკმა მოითხოვა „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნა, რომელიც უკრაინას აშშ-ის „F-16“ და „F-35“-ებს, „ევრომებრძოლებს“, „ტორნადოსებს“, ფრანგულ „Rafales“-ებს და შვედურ „Gripen“-ებს მიაწვდიდა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის სატელევიზიო არხს განუცხადა, რომ მათ ასევე სჭირდებოდათ რაკეტები „რუსული არმიის მთავარი იარაღის მკვეთრად შესამცირებლად“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი მრჩევლის მოწოდება ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში გაიმეორა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება აშშ-ში წარმოებული „ATACMS“ რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 297 კმ-ია. მისი თქმით, რაკეტები დაეხმარება უკრაინას ურბანულ რაიონებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმების მოგერიებაში.

ვაშინგტონი ჯერჯერობით უარს ამბობს ამ იარაღის მიწოდებაზე.

„Tagesspiegel“-თან ინტერვიუში შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ იმყოფება და „ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას“. მან დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბოლო სატელეფონო საუბარი კი მათ შორის, 2022 წლის დეკემბერში შედგა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან”, – თქვა მან, მაგრამ დასძინა, რომ იგი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა აბსოლუტურად მიუღებელი იყო და მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანა მოაგვარებდა სიტუაციას.

guardian.ge