მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებმა „შვებით ამოასუნთქა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 8 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებს დემოკრატიისთვის კარგ დღეს უწოდებს. თეთრ სახლში გამოსვლისას მან თქვა, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „შვებით ამოისუნთქა“.

მოსალოდნელია, რომ „რესპუბლიკელები“ გააკონტროლებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მაგრამ ბაიდენმა აღნიშნა, რომ „გიგანტურ წითელ ტალღას“ [„წითელში“ იგულისხმება „რესპუბლიკელები“] არ გადაუვლია, როგორც ამას წინასწარმეტყველებდნენ.

არჩევნების შედეგების ბოლო მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ 210 ადგილი აქვთ მოპოვებული, „დემოკრატებს“ კი 192 – უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 მანდატის მიღებაა საჭირო.

100-კაციან სენატში კი, ადგილები ჯერჯერობით თანაბრად არის გადანაწილებული – „დემოკრატები“ 48, „რესპუბლიკელები“ ასევე, 48 ადგილი. სენატში უმრავლესობის მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი პარტიის კანდიდატი მოიგებს სამიდან ორს – არიზონაში, ჯორჯიასა და ნევადაში, მაგრამ ჯორჯიაში 6 დეკემბერს დანიშნული არჩევნების მეორე ტურამდე არაფერი არ გადაწყდება.

თუ „დემოკრატები“ დაკარგავენ კონტროლს კონგრესის რომელიმე პალატაზე, „რესპუბლიკელები“ შეძლებენ ბაიდენის დღის წესრიგის დაბლოკვას.

ფლორიდის „რესპუბლიკელმა“ გუბერნატორმა რონ დესანტისმა, 2024 წლის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატმა, დიდი გამარჯვება მოიპოვა და განაგრძობს პოსტზე საქმიანობას.

იმავდროულად, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ასევე სავარაუდოდ გამოაცხადებს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენების შესახებ, მას შემდეგ, რაც მისმა ზოგიერთმა რჩეულმა არჩევნებზე წარმატება ვერ მოიპოვა, აღიარა, რომ შუალედური არჩევნების შედეგები „გარკვეულწილად იმედგამაცრუებელი“ იყო.

guardian.ge