საქართველო

პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი – 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.

სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ი” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.