ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პოლიციამ ბერლინში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ასეულობით დემონსტრანტი დააპატიმრა

პოლიციამ ბერლინში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული მასობრივი მშვიდობიანი პროტესტისას, რომლის დროსაც ქუჩებში დაახლოებით 38 000 ადამიანი იყო გამოსული, 300 დემონსტრანტი დააკავა. BBC-ის ცნობით, მსგავსი დემონსტრაციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, სადაც პროტესტანტთა ნაწილი ვირუსს სიცრუეს უწოდებდა.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე, სადაც დემონსტრანტებმა სხვა საკითხებთან ერთად კორონავირუსის შეზღუდვები და 5G გააპროტესტეს. ტრანსპარანტებზე ეწერა, რომ „ნიღბები დრუნჩებია“ და „ახალი ნორმალური მდგომარეობა = ახალ ფაშიზმს“. მსგავს გამოსვლებს ჰქონდა ადგილი პარიზში, ვენასა და ციურიხში.

რა მოხდა გერმანიაში?

პოლიციამ ბერლინში, ბრანდერბურგის ჭიშკრის სიახლოვეს, ერთ ჯგუფს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, დაშლა უბრძანა და დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მიმართულებით ქვებისა და ბოთლების დაშენის შემდეგ 200 მოქალაქე დააპატიმრა.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა, „ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტმა“ რაიხსტაგის შენობასთან პოლიციის კორდონი გაარღვია, რა დროსაც 7 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ კანონდამრღვევები წიწაკის მისაშხურებლით დაშალა.

BBC-ის ცნობით, მეორე ჯგუფი, დაახლოებით 30 000 ადამიანი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა პროტესტს.

დაკავებულთა შორისაა მწერალი ატილა ჰილდმანი, რომელიც კულინარიის შესახებ წერს და ამავე დროს კონსპირაციული თეორისტია. იგი შეკრებილებს მეგაფონით მიმართავდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, განაცხადა „თვითერზე“ ბერლინის პოლიციამ.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში კორონავირუსის ახალი ტალღის მასშტაბები ისეთი მძლავრი არ არის, როგორც ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ინფექციის მაჩვენებელი იქ მაინც იზრდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა იმ დონეს უახლოვდება, რომელიც ბოლოს აპრილში იქნა დაფიქსირებული.

გერმანიის ახალი ამბების ვებ-გვერდის, „დოიჩე ველეს“ თანახმად, დემონსტრაციაზე მყოფ ხალხს შორის ჩანდნენ ულტრა-მემარჯვენეების მხარდამჭერები მაისურებით და დროშებით. ერთ-ერთი დემონსტრაცია „Querdenken 711“-ის („გვერდითი აზროვნება 711“) მიერ იყო ორგანიზებული.

ჯგუფს „ფეისბუქზე“ 16 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. აღნიშნულ დაჯგუფებას სჯერა, რომ კორონავირუსის რეგულაციები გერმანიის კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს და მათი მოხსნა უნდა. მათ ბერლინში საპროტესტო აქციის ორგანიზება 1 აგვისტოსაც მოახდენს და მეტსახელად მას „თავისუფლების დღე“ დაარქვეს.

ბერლინის დემონსტრაციას ათასობით მოქალაქე შეუერთდა, მათ შორის ულტრა-მემარჯვენეები და კონსპირაციული თეორიის მიმდევრები, რომელთაც „კოვიდ-19“-ის არსებობა არ სჯერათ. საპროტესტო გამოსვლებს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ბერლინში მყოფმა რობერტ კენედიმ, ანტი-ვაქცინის კამპანიის წარმომადგენელმა, 1961-64 წლებში აშშ-ის გენერალური პროკურორის, 1965-68 წლებში „დემოკრატიული პარტიის“ სენატორის, საპრეზიდენტო კანდიდატის, მოკლული რობერტ კენედის ვაჟმა და ასევე აშშ-ის მოკლული პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილმა.

გამარჯვების სვეტთან შეკრებილ დემონსტრანტებს რობერტ კენედიმ უთხრა, რომ ბიძამისმა 1963 წელს ბერლინს ცნობილი სიტყვით მიმართა, შეეკავებინათ ტოტალიტარიზმი და „დღეს ბერლინი კვლავ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ წინა ხაზზე დგას“. კენედი ასევე 5G სატელეფონო ქსელის წინააღმდეგაც გამოდის.

რა ზომები მიიღო გერმანიამ „კოვიდ-19“-ის შესაჩერებლად?

გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქვეყანაა კორონავირუსის საპასუხო ზომების მიღების მხრივ – ვირუსის გამოვლენის, შეკავებისა და მკურნალობის თვალსაზრისით. ის განსაკუთრებით ეფექტურია 70 წელს გადაცილებული პაციენტების მკურნალობისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებით.

აგვისტოში ინფექციის ზრდის გამო, ხუთშაბათს, კანცლერმა ანგელა მერკელმა და 16-მა ფედერალურმა შტატმა მინიმუმ 50 ევროს ოდენობის ჯარიმა დააწესა იმ პირთა მიმართ, ვინც დაწესებულ სივრცეებში დამცავი ნიღბის გარეშე იქნება. ასევე მომავალ წლამდე გახანგრძლივდა საჯარო ღონისძიებების აკრძალვა.

„ჩვენ ჯერ კიდევ დიდხანს უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად. ის ჯერ კიდევ სერიოზულია“, განაცხადა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ ვირუსი კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევა იქნება ზამთარში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, გერმანიაში კორონავირუსის 242 000 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული – ცოტათი ნაკლები, ვიდრე სხვა დიდ ევროპულ სახელმწიფოებში – გარდაცვლილია 9 297 პაციენტი, რაც საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელია რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და იტალიასთან შედარებით.   

GUARDIAN.GE