საქართველო

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო სანქციები უკვე მოქმედია

პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება უკვე ძალაშია. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და შესაბამისად, უკვე მოქმედია.

ახალი კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

კანონში არის შენიშვნა, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.