საქართველო

პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი რეფერენდუმის გზით „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის აზრის გამოხატვას პატივისცემით ეკიდება, მაგრამ მოსკოვს ამ მიმართულებით არავითარი ქმედება არ განუხორციელებია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვითმარქვია პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ თავისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის შემადგენლობაში იქნება – კრემლი ეხმაურება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი რეფერენდუმის გზით ხალხის აზრის გამოხატულებას პატივისცემით ეკიდება, მაგრამ მოსკოვს ამ მიმართულებით არავითარი ქმედება არ განუხორციელებია.

„არანაირი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ჩვენ ამ მხრივ არანაირი იურიდიული ან სხვა ქმედება არ გაგვიტარებია. მაგრამ ამავე დროს მოცემულ მომენტში საუბარი შეეხება სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვას. ჩვენ ამას პატივისცემით ვეპყრობით“, – განაცხადა პესკოვმა, რომლის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

ბიბილოვის პრესმდივანმა, დინა გასიევამ თქვა, რომ რეფერენდუმის პროცედურები, 10 აპრილს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ დასრულდება.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია.

„ეს მიზანი ჩვენმა ხალხმა არაერთხელ განსაზღვრა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენი საუკუნოვანი ოცნება განგვეხორციელებინა ცხოვრებაში 2014 წელს, როდესაც მშობლიურ სავანეს დაუბრუნდა ყირიმი. ჩვენი შესაძლებლობა მაშინ ხელიდან გავუშვით, მაგრამ კვლავ ასეთ რამეს ვერ დავუშვებთ“, – ამბობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი.

ბიბილოვის ვიდეო მიმართვას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთს შეუძლია, გამოხატოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი და იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა.

guardian.ge