მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალან გარსია საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაკავებისას თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 69 წლის ალან გარსია საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა.

დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.

გარსიას ბრაზილიური სამშენებლო კომპანია „ოდებრეხტისაგან“ ქრთამის აღებაში ედებოდა ბრალი, რაც მან არაერთხელ უარყო.

ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზულემა ტომასმა განაცხადა, რომ გარსიას ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალზე სერიოზული და კრიტიკული“ იყო. მას სამჯერ გულის მოულოდნელი გაჩერება აღენიშნა.

გარსია პერუს პრეზიდენტი ორჯერ იყო, პირველად 1985-1990 წლებში, მეორედ კი 2006-დან 2011 წლამდე.

გამომძიებლების თქმით, მან სამშენებლო კომპანიისგან ქრთამი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს აიღო და ეს დედაქალაქში მეტროს ხაზის გაყვანის პროექტს უკავშირდებოდა.

„ოდებრეხტმა“ აღიარა, რომ 2004 წლის შემდეგ მას პერუში თითქმის 30 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის გადახდა მოუწია, მაგრამ გარსია აცხადებდა, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო. სამშაბათს მან „თვითერზე“ დაწერა, რომ მის წინააღმდეგ „სამხილი“ არ არსებობდა.

guardian.ge