მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პენტაგონმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ჯარებს გააგზავნის, ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ „უმაღლესი დონის“ სანქციები გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთში, ქვეყნის სანავთობო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების კვალდაკვალ, სამხედრო შეიარაღებული ძალების გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯარების განლაგება „ბუნებით თავდაცვითი“ იქნება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საერთო ჯამში რამდენი სამხედრო გაიგზავნება. აშშ-ის გაერთიანებული სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა სამხედროების განლაგებას „ზომიერი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის არ გადააჭარბებს ათასებს.

თავდაცვის მდივანმა ესპერმა, რომელიც პრესკონფერენციაზე გენერალ დანფორდის გვერდით იდგა, განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დახმარება ითხოვეს და სამხედრო ძალები ფოკუსირებული იქნებიან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაზე და აშშ „დააჩქარებს სამხედრო აღჭურვილობის ჩატანას“ ორივე სახელმწიფოში.

გასულ კვირას, საუდის არაბეთის ორ სანავთობო ტერმინალზე მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენის ჰუტების ამბოხებულებმა აიღეს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, ისევე  როგორც საუდის არაბეთმა, ამაში თავად ირანი დაადანაშაულეს.

პარასკევს, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „უმაღლესი დონის“ სანქციები გამოაცხადა, თუმცა თქვა, რომ მას სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება უნდა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები ფოკუსირებული იქნება ირანის ცენტრალურ ბანკზე და მის დამოუკიდებელ თანხებზე.

guardian.ge