აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

პეკინში „კომუნისტური პარტიის“ ყრილობა დაიწყო – ქსი ძინპინგმა განაცხადა, რომ „სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით ამ ახალ ეპოქაში“ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი „მსოფლიო სახელმწიფო გახდა“

ჩინეთის უდიდესი ღონისძიება, კომუნისტური პარტიის ყრილობა, პეკინში განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში მიმდინარეობს.

ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი 2000-ზე მეტ დელეგატს სიტყვით სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმართავდა.

დახურული სამიტი, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში იმართება, განსაზღვრავს, თუ ვინ მართავს ჩინეთს და ამავე დროს ქვეყნის მიმართულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

როგორც BBC იუწყება, ძინპინგი, რომელიც 2012 წელს გახდა ლიდერი, ძალაუფლების განმტკიცების მიმართულებით დგამს ნაბიჯებს და მოელიან, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს.

ყრილობა, რომელიც ასევე მომდევნო 5 წლის საგზაო რუკას, ჩინეთის მთავარ სამოქმედო სტრატეგიას წყვეტს, მომავალ კვირას დასრულდება.

ყრილობის დასრულებიდან მალევე, მოელიან, რომ პარტია ჩინეთის მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს, პოლიტბიუროს ახალი მუდმივი წევრების ვინაობას გახდის საჯაროს.

თავის სიტყვაში ქსი ძინპინგმა ჩინეთის ბოლოდროინდელი მიღწევები ჩამოთვალა, განაცხადა რა, რომ „სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით ამ ახალ ეპოქაში“ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი „მსოფლიოში დიდი სახელმწიფო გახდა“ და დაამატა, რომ ქვეყანამ არ უნდა მოახდინოს უცხოური პოლიტიკური სისტემების ბრმად გადმოწერა.

მან ასევე მოკლედ აღწერა ორსაფეხურიანი გეგმა ჩინეთის „სოციალისტური მოდერნიზაციისა“, რაც 2050 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული; გაფრთხილება გააკეთა სეპარატიზმის წინააღმდეგ – რაც ქსინძიანგში, ტიბეტში და ჰონგ კონგში არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს ეხება, და გაიმეორა მთავრობის პოზიცია, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია;

(ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი ყრილობას სიტყვით მიმართავს)

განაცხადა, რომ ჩინეთმა „არ უნდა დაუკეტოს თავისი კარები მსოფლიოს“ და შემდგომი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის ბარიერების შემცირების პირობა დადო, იუწყება BBC.

ქსი ძინპინგი საკუთარ თავში გაცილებით დარწმუნებული ლიდერია, ვიდრე მისი წინამორბედები იყვნენ. თავის გრძელ და დამაჯერებელ სიტყვაში, მან მისი ლიდერობის პირველი 5 წელი მიმოიხილა და განაცხადა, რომ პარტიამ სასწაულებს მიაღწია და ჩინეთის საერთაშორისო მდგომარეობა გაიზარდა.

(ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ძიანგ ზემინი ყრილობის გახსნას დაესწრო)

მაგრამ, როგორც BBC წერს, მის სიტყვაში ყველაზე გასაოცარი, იდეოლოგიური დამაჯერებლობა იყო. ბოლო პერიოდში პარტიული მედია დასავლეთის დემოკრატიების კრიზისსა და ქაოსზე საუბრობდა და ადარებდა მას ჩინეთის სიძლიერეს და ერთიანობას.

დღეს კი ქსი ძინპინგმა განაცხადა, რომ იგი არ გადმოწერს საზღვარგარეთის პოლიტიკურ სისტემებს და რომ კომუნისტურმა პარტიამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ყველაფერ იმას, რომელიც ჩინეთის ხელმძღვანელობის და ქვეყნის ძირის გამომთხრელი იქნება.

ქსიმ ასევე აღნიშნა მისი კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა პარტიის რიგებში, რის შედეგადაც მილიონზე მეტი ოფიციალური პირი დაისაჯა, იუწყებიან BBC-ის კორესპონდენტები პეკინიდან.

WWW.GUARDIAN.GE