აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პეკინმა გამოაცხადა, რომ 50 მილიარდი დოლარის ამერიკულ იმპორტზე აწესებს ტარიფებს

ბაზრებზე ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც პეკინმა შეერთებული შტატების 106 სახეობის პროდუქტზე ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა ვაშინგტონის იმ ნაბიჯის საპასუხოდ, რითაც ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფები განისაზღვრა, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი 50 მილიარდი აშშ დოლარის ამერიკულ იმპორტზე აწესებს ტარიფებს და 25%-იანი ტარიფები შეეხება სოიოს, ავტომობილებს, ქიმიურ ნივთიერებებს. მთლიანობაში ყველა ის იმპორტირებული საქონელი, რომელსაც ახალი ტარიფები შეეხება, მთელი წლის განმავლობაში 50 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება.

როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ბევრი ამერიკელი ფერმერია დამოკიდებული სოიოს ჩინეთში გაყიდვაზე, ასე, რომ ამას შესაძლოა, რომ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო სექტორზე.

პეკინის გადაწყვეტილება სოიოს ფასზე მყისიერად აისახა.

პეკინმა განაცხადა, რომ მისი აღნიშნული ნაბიჯი „ჩინეთის ინტერესების და ბალანსის დანაკარგების დაცვაა“, რაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა ტარიფებმა განაპირობა.

მარტში ჩინეთმა „გადამჭრელი პასუხის“ გაცემის პირობა დადო, თუკი აშშ სავაჭრო ომს დაიწყებდა.

„ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომებში მონაწილეობა, მაგრამ თუკი ვინმე გვაიძულებს ამგვარ „ომებში“ მონაწილეობას, ჩვენ არ შევშინდებით და არ დავიმალებით, და თუკი აშშ განახორციელებს ქმედებებს, რომელიც დააზიანებს ჩვენ ინტერესებს, ჩვენ ყოველმიზეზგარეშე მივიღებთ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს, რომ სრულად დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები და ინტერესები“, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩინინმა 21 მარტს.

ტრამპი კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ „სავაჭრო ომები კარგია“ და შეერთებული შტატებისთვის ამ ომებში გამარჯვება „ადვილი“ იქნებოდა.

22 მარტს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იგი გეგმავდა 60 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ იმპორტზე გადასახადების დაწესებას და ჩინური ინვესტიციის შეერთებულ შტატებში შეზღუდვას, რაც წლების განმავლობაში სავარაუდო ინტელექტუალური საკუთრების ქურდობისთვის სამაგიეროს გადახდა იქნებოდა, სამშაბათს კი ტრამპის ადმინისტრაციამ 50 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ იმპორტზე დააწესა ტარიფები.