საქართველო

პატრიარქი მოუწოდებს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით ბრძანა, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა და კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტრლებთ მას.

პატრიარქმა სთხოვა ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით, შეხედონ იმ საშიშ შედეგებს, რასაც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტზე გატანას შეიძლება მოჰყვეს. „არ შეიძლება რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, ბრძანა უწმინდესმა.

„ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და იმედია, რომ ეს განსაცდელი უფრო ადვილად განქარდება. განსაცდელი ალბათ, საჭიროა ადამიანისთის, ალბათ უფლის განგებით უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. აი, ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხსიმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ფრიად საშიშია. მე როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა, იქ ბრძანდებოდა აფხაზი ქალბატონი, პირველი ქირურგი, აფხაზი ქალი და მას ჰყავდა ორი შვილი. ეს აფზახი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი, მე სახელიც კი მახსოვს… ნარკოტიკებით არის გატაცებულიო. როგორ იქნება მშობელი, როცა შვილს გააქვს ოჯახიდან ნივთები და ჰყიდის ამ ნივთებს იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები. ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა ნარკოტიკებს ან ფულს, რომ მიეცა თავის შვილისთვის და მე მეუბნებოდა, რომ ჩემი უფროსი შვილიო, მიჯავრებდა მეო, რატომ აძლევ ნარკოტიკებსო. მე ვიციო, რომ არ მივცე ნარკოტიკიო, შეიძლება უბედურება ჩაიდინოსო და შემდეგ მოვიდა ჩემთან ეს ქალბატონი და მითხრა, რომ არსებობს ასეთი სამკურნალო ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანოო, საშინელი წამება იყო იქ. საწოლზე დაბმული იყო ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს. მე ეს მაგალითი მოვიტანე იმისათვის, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელც ხმარობს ნარკოტიკებს. მაგრამ, ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება, იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ. ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკურნება. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი.

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტრლებთ მას. ეხლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. ის უნდა გვახსოვდეს,რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ რომ, სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქა და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით, ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. აი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით, დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყნას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი. ღმერთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას. იმათ არანაკლებად უყვართ და არანაკლებად შესტკივათ გული. იმედია, რომ ჩვენ დავსძლევთ ამ სენს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჩვენთან არს ღმერთი“, ბრძანა ილია მეორემ.