საქართველო

პარლამენტში განისაზღვრა გრაფიკი, რომლითაც მინისტრთა განახლებული კაბინეტის საკითხს განიხილავენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე განისაზღვრა ის გრაფიკი, რომლითაც მთავრობის გუნდისა და მინისტრთა განახლებული კაბინეტის განხილვა მოხდება.

21 დეკემბრიდან დაიწყება საკომიტეტო მოსმენები. 23 დეკემბერს გაიმართება მოსმენა ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“. 24 დეკემბერს კი, სხდომაზე გავა ნდობის გამოცხადების საკითხი.

რეგლამენტის თანახმად, ნდობის გამოცხადებამდე, მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა კომიტეტებში უნდა გაიმართოს. უწყებათა ხელმძღვანელების მოსმენები 4 შინაარსობრივ ბლოკად გაიმართება: 21 დეკემბერს, განხილვების პირველი ბლოკი იქნება ეკონომიკური ბლოკი, სადაც კომიტეტების ეკონომიკური ბლოკი მოუსმენს სამთავრობო შემადგენლობას. ამავე დღეს, მთავრობის შემადგენლობას საგარეო და უსაფრთხოების ბლოკი მოუსმენს. მომდევნო დღეს გაიმართება შეხვედრა სოციალური ბლოკის კომიტეტებთან და 22 დეკემბერსვე, ადამიანის უფლებათა ბლოკი შეხვდება მინისტრობის კანდიდატებს.

აღნიშნული გრაფიკით, 23 დეკემბერს, პარლამენტი შეძლებს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ფრაქციის ფორმატში შეხვდეს, 24 დეკემბერს კი, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილი იქნება, ნდობა გამოუცხადოს მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტს.

ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, გაიმართება ბიუროს სხდომებიც. მომდევნო ბიუროს სხდომა 21 დეკემბერს შედგება, მეორე კი 24 დეკემბერს, პლენარული სხდომის დაწყებამდე.

დღეს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარედგინა.