საქართველო

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები აქციას 1 ივნისს, 4 საათზე გააგრძელებენ

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები აქციას პარასკევს, 1 ივნისს, 4 საათზე გააგრძელებენ. აღნიშნული განცხადება ზვიად კუპრავამ გააკეთა.

„4 საათზე ვიწყებთ ძალიან მხურვალე აქციას – ზაზას გვერდით მთელი საქართველო!“ განაცხადა კუპრავამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის თბილისში მოქალაქეები რეგიონებიდანაც, მათ შორის სამეგრელოდან და აჭარიდან ჩამოვლენ.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მთელი ღამე დარჩეს პარლამენტის შენობასთან. მათ შორის იქნება თავად ზაზა სარალიძე, რომელიც მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე რუსთაველის გამზირიდან წასვლას არ აპირებს.

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და მთელი მთავრობის გადადგომას და ასევე ხორავას ქუჩის სისხლიან ინციდენტში ჩართული პროკურატურის მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ.