საქართველო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 15 საკითხიდან 13-ს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება დახვეწს და განამტკიცებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ არსებულ გამჭვირვალობის მოთხოვნებს, დაარეგულირებს ბაზრის მანიპულაციასა და ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს და შესაბამისობაში მოიყვანს მას აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან. კანონი შექმნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის საჭირო მექანიზმებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზარზე გამჭვირვალობის დონის ზრდას, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და მათ დაცულობას.

კომიტეტმა განიხილა „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, თომა დეკანოიძემ წარმოადგინა. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დემარკაციის შედეგებზე დაყრდნობით, დაცული ტერიტორიის საზღვრის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, დემარკაციის შედეგები უნდა აისახოს კანონში.

დეპუტატებმა განიხილეს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან მიყენებული ან შესაძლო ზიანის მიყენებისგან დაცვას.

„აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად კომიტეტს ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნინო წილოსანმა გააცნო. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო პრიორიტეტად აცხადებს და სტიმულირებას გაუწევს აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებას. „ეს გულისხმობს ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ხელოვნურად თევზის მოშენებას და შემდეგ – წარმოებას. ეს კანონპროექტი დაფარავს მარიკულტურას – ზღვაში ხელოვნურად მოშენებულ ზღვის პროდუქტებს და მათ წარმოებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მომხსენებლის თქმით, ამ კანონის მიღებით და აკვაკულტურის დარგის განვითარებით ქვეყანა შეძლებს როგორც საექსპორტო წარმოების განვითარებას, ასევე ნაწილობრივ იმპორტის ჩანაცვლებას.
„კანონპროექტით შემოდის სანებართვო მოსაკრებელი აკვაკულტურის საქმიანობაზე, თუმცა დაინტერესებული პირები 2024 წლამდე გათავისუფლებული იქნებიან ამ მოსაკრებლის გადახდისგან, რაც გარკვეულწილად წამახალისებელი მექანიზმი შეიძლება იყოს. ასევე სამინისტროში ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან დაინტერესებულ პირებს. სამინისტროში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო მეცნიერული წრეების წარმომადგენლებისაგან, რომელიც მოწოდებული იქნება აკვაკულტურის დარგის განვითარებაზე, ადგილობრივ კოოპერატივებს მიენიჭებათ უპირატესობა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და თანმხლები 27 კანონპროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმოქმედებს ერთიანი, სისტემური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, ინსტიტუციების მიხედვით დაადგენს ვალდებულებებს შესაბამის სფეროში სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათში მოცემული ღონისძიებების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელების შესახებ და დანერგავს კონვენციის იმ სტანდარტებს, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ისევე, როგორც საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული.

მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა ასევე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტი გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად. „იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მმართველობის სააგენტო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი განმარტებით, ეს ელექტრონული სერვისების მომხმარებელთა სწრაფი ზრდისა და ელექტრონული მმართველობის მნიშვნელოვანი პროგრესის ფონზე, ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარებასა და სერვისების ელექტრონულად გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. მომხსენებლის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტით დგინდება სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირების მიმართ ნამსახურების წლების გამოთვლის ახალი მეთოდი. „სამოქალაქო ავიაციაში ნამსახურები პირების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარმოადგინა. მისი თქმით, საჭიროა მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

დღესვე კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ რამდენიმე დოკუმენტს დაუჭირა მხარი განხილვის შემდეგ: „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“; „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება“; „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე; „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება „კავკასიის არწივის“ შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააცნო კომიტეტს. მანვე წარმოადგინა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“.

კომიტეტის მიერ უარყოფილი იქნა ს.ს. „ჯანმრთელობის“მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

დღესვე კომიტეტმა მოისმინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე „შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის“ 2015-2018 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი”