საქართველო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ეკა ბესელიას მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, იგი კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობასაც შეასრულებს. ახალ თავმჯდომარეს კი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე აირჩევენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ სამი კანდიდატი წარადგინა – გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, კენჭისყრის დროს გედევან ფოფხაძემ 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, ხოლო რუსლან პოღოსიანმა ერთი. ბესელიას თქმით, ექვსი ხმა არ იყო საკმარისი გედევან ფოფხაძის პირველივე თანამდებობაზე ასრჩევად და აქედან გამომდინარე მეორე ტური გაიმართა, რომელშიც არჩეულად ჩაითვლებოდა ის, ვინც მეტ ხმას მიიღებდა.

მეორე ტურში კენჭისყრის შედეგად გედევან ფოფხაძემ 7 ხმა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა ერთი ხმა მიიღო.

ამასთან, ბესელიამ განმარტა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნება ბიუროს და გედევან ფოფხაძეს მიმართა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი დროულად დატოვოს, რადგან ერთდროულად ორი თანამდებობა არ ჰქონდეს.

კომიტეტის სხდომას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ირმა ინაშვილიც ესწრებოდა. მან ხმა გედევან ფოფხაძეს მისცა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი, „ქართული ოცნების“ წევრებს შორის კამათისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.

იურიდიული კომიტეტის წევრმა დავით მათიკაშვილმა, კომიტეტის უკვე ყოფილი მოადგილე ეკა ბესელია, რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.

მათიკაშვილის ბრალდება ბესელიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სხდომის დასაწყისში თქვა, რომ აყენებდა პირველი მოადგილეობის სამ კანდიდატურას და ამის უფლებას მას კანონი აძლევდა.

საპასუხოდ მათიკაშვილმა თქვა, რომ სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო შეყვანილი, ხოლო სხდომაზე ბესელიამ კიდევ ორი კანდიდატურა დაამატა, რაც მისი განცხადებით რეგლამენტის დარღვევაა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა. დღის წესრიგში პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ ეს იყო გედევან ფოფხაძის არჩევა პირველი მოადგილის თანამდებობაზე. დღის წესრიგში არ ყოფილა დამატებით ორ კანდიდატზე საუბარი,”-განაცხადა მათიკაშვილმა.

ეკა ბესელიას განმარტებით კი, რეგლამენტის 31-ე მუხლით ასეთი აკრძალვა არ არის და შესაძლებელია ორზე მეტი კანდიდატის დაყენება.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.