საქართველო

პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა

პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ, რომელთა უმეტესობა კანონპროექტების განხილვის ვადის გადაწევას შეეხებოდა.

სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფრაქციების სხდომებზე მთავრობის წევრების არ გამოცხადების ფაქტებზე, ბიუროს მხრიდან სათანადო რეაგირება მოითხოვეს.

პარლამენტის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, ფრაქციამ შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე მინისტრების არ გამოცხადების გამო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს რეგლამენტის 189-ე მუხლის შესრულება და მინისტრების მიმართ შესაბამისი პროცედურების და სანქციების დაწესება მოთხოვა.

დეპუტატების განცხადებები ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსაც შეეხებოდა. პარლამენტის წევრების განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„რამდენიმე დღეში დასრულდება საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორი და ამ საკითხთან დაკავშირებით მოსმენის საშუალება გვექნება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე, მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არასწორი ფორმატია, როდესაც ბიუროს სხდომები წინასაარჩევნო ბატალიებისთვის გამოიყენება, რადგან ბიუროს სხდომებზე მისი წევრები საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ.

„არჩევნების დასრულების შემდეგ სჯობია სხვა რეჟიმში გავაგრძელოთ ბიუროში მუშაობა, იმიტომ რომ ბიუროს ფუნქცია არის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაწყვეტა. ყოველთვის ვიყენებთ ბიუროს ფორმატს წინასაარჩევნო ბატალიებისთვის და მგონი არასწორი ფორმატია ეს ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.