საქართველო

პარიზი-თბილისის რეისით ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსებული მგზავრებიდან 47 წლის ქალს, ჩამოსვლიდან მეორე დღეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის, ჯერ რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისივე განმარტებით, ახლადინფიცირებულ ქალთან ერთად მყოფი ყველა მგზავრი ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტის, ორი სასტუმროს სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონაში არიან გადანაწილებული. მათ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები აკვირდებიან. ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 110 ადამიანი იმყოფება. 7-მა პირმა უკვე გაირა საინკუბაციო პერიოდი და მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი. 3 ადამიანი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.