საქართველო

პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა

საქართველოში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება. პაატა იმნაძე საქართველოში პირველია, ვინც აიცრა, თან საჯაროდ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

თავს ვგრძნობ გადასარევად, – განაცხადა იმნაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ და დაამატა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, რათა პანდემია დასრულდეს.

„იმდენ რაღაცაზე ავცრილვარ საჩვენებლად, ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაში, როცა საქართველოში დიფტერიის ეპიდემია იყო, მახსოვს, ორჯერ მომიწია სხვადასხვა ადგილებში ასე საჩვენებლად აცრა.

ჩვენ ვებგვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაციაა, დანარჩენი უკვე მასმედიაზეა. ძალიან გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა ის მასალა, რაც არის ჩვენ ვებგვერდზე, იმისთვის, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ ირწმუნონ იმისი, რომ ვაქცინის გარეშე ამ დაავადებას ვერ დავძლევთ.

ვერ ვიტყვი, რომ აქტივობა დაბალია. ამ ორ დღეში პირველი სამი დღე იყო სარეგისტრაციო სააცრო დღეები, დარეგისტრირდა 2 000 ექიმი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაჩვენებელი განგაშის საფუძველს იძლევა“, განაცხად აპაატა იმნაძემ.

კითხვაზე, ექიმების ნაწილი თანახმა იყო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილიყვნენ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრაზე თავს იკავებენ, იმნაძემ ასე უპასუხა:

„ჩვენ თუ კარგად დააკვირდებით, იგივე ხდებოდა დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა „ფაიზერი“ იყო რიგში პირველი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, „ასტრაზენეკა იქნება. ეს ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინებია. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, ზუსტად ასევე იყო მაშინ ნორვეგიაში 23 ადამიანი რომ გარდაიცვალა „ფაიზერის“ შემდეგ, ამაზე იყო ატეხილი ამბავი, ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის, ის, ვინც რომელიმე ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია“.

ვაქცინაცია დღეს თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში განხორციელდება. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია თბილისში 13 მარტს ჩამოიტანეს.