საქართველო

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობაში ათეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა

თბილისში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძარში გაემართნენ, სადც ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა.

მანამდე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ „ოჯახი, ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი“.

„ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი, ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები“, მიმართა მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონიაც გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ტაძარში ჯვარი 50-მა წყვილმა დაიწერა.

მანამდე კი, პატრიარქმა ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.