საქართველო

ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი მედიისთვის ფარულად წარიმართა, გირაოს შესახებ კი, ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი ე.წ. ელ ცენტროს ინციდენტზე, ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

ინციდენტი თბილისში, ღამის კლუბ “ელ ცენტროში” გასული წლის მაისში მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ რამდენიმე პირთან ერთად დაესხა.

გენერალური აუდიტორი მომხდარს მის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს – კერძოდ კი, თორდიას მტკიცებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია – აუდიტის სამსახური იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა.