აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა

78 წლის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. წინასწარ ჩაწერილ სატელევიზიო მიმართვაში ნაზარბაევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „მარტივი არ ყოფილა“.

იგი 1990 წელს ნავთობით მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღემდე უკონკურენტო ლიდერი იყო და დამოუკიდებლობს მოპოვების შემდეგ არაერთ არჩევნებში – 1999, 2005, 2011 და ბოლოს 2015-ში აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა.

ნაზარბაევი ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ რეფორმებზე მაშინ, როცა წინააღმდეგობას სწევდა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის ნაბიჯების გადადგმაზე.

„გადავწყვიტე უარი ვთქვა ჩემს, როგორც პრეზიდენტის ძალაუფლებაზე“, განაცხადა ნაზარბაევმა სატელევიზიო მიმართვისას.

1940 წელს დაბადებული ნაზარბაევი 1990 წელს პრეზიდენტად არჩევამდე საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში შემავალი ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.

უზარმაზარ ქვეყანას, ყაზახეთს, რომელიც დასავლეთ ევროპის ზომისაა, ძალიან ფართო მინერალური რესურსები და უაღრესად დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ნავთობის სექტორში განხორციელებულმა დიდმა ინვესტიციებმა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა განაპირობა და 1990-იან წლებში სიმდიდრის მხრივ არსებული მკვეთრი უთანასწორობა შეამცირა.

guardian.ge