მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა

ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, რაც ისტორიული ამბავია – ტრამპი იქნება აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ. საქმე ეხება ყოფილი პორნოვარსკვლავის, სტორმი დანიელსისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდას.

ფაქტობრივი ბრალდებები ჯერ უცნობია, მაგრამ ამერიკული მედიის ცნობით, 2 ათეულზე მეტია.

ნიუ-იორკის პროკურორები ჯერ კიდევ კოორდინაციას ახორციელებენ ტრამპის გუნდთან, მაგრამ მას სავარაუდოდ, მოუწევს ფლორიდიდან ნიუ იორკში გამგზავრება, სამშაბათს სასამართლოში გამოსასვლელად, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თეთრი სახლის კვლავ დასაკავებლად მორიგ ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „პოლიტიკურ დევნას“ უწოდებს.

ტრამპისადმი მხარდაჭერა გამოხატეს „რესპუბლიკელებმა“, მათ შორის მისმა კონკურენტებმა, რომელთაც დაიცვეს იგი და თავს დაესხნენ პროკურორებს.

„დემოკრატებმა“ კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა.

დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს, 2018 წლის მაისში, სამი ფრთხილი განცხადება გამოაქვეყნა „თვითერზე“ და დაადასტურა ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის – პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის – განცხადება, რომ ტრამპმა მის პირად ადვოკატს, მაიკლ კოენს 130 000 აშშ დოლარი მსახიობ სტეფანი კლიფორდისთვის (მისი სასცენო სახელია სტორმი დანიელსი) „გაჩუმების სანაცვლოდ“ მისცა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფული მისი წინასაარჩევნო კამპანიიდან არ ყოფილა გადახდილი. ტრამპის აღნიშნული განცხადება კი ეწინააღმდეგება მის წინა მტკიცებებს, რომ მან ფულის თაობაზე არაფერი იცოდა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ