მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურატურამ დონალდ ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

შტატის უმაღლესი პროკურატურის წარმომადგენელმა, ლეტიტია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ტრამპის უძრავი ქონების კომპანიის შესახებ გამოძიება თავისი ბუნებით „უკვე აღარ არის წმინდა წყლის სამოქალაქო“ ხასიათის. ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციასაც ეცნობა.

ნიუ იორკის პროკურატურის განცხადებაში არაფერია აღნიშნული იმის თაობაზე, თუ რა მიზეზით შეიცვალა სამოქალაქო ხაისათის გამოძიება სისხლის სამართლის საქმედ და არც ისაა ნათქვამი ედება თუ არა რაიმე ბრალი უშუალოდ ყოფილ „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ჯეიმსმა სამოქალაქო გამოძიება 2019 წლის მარტში დაიწყო. ბრალმდებლის თანახმად, ტრამპმა ბანკებში თავისი აქტივების ღირებულება სესხების მიღების მიზნით გაბერა და ისინი თავისი გადასახადების შესამცირებლად გამოიყენა.

პროკურატურა ასევე ცდილობს ტრამპის ორგანიზაციის ქონებათა შესახებ დოკუმენტების მოპოვებას მანჰეტენზე, ნიუ იორკის ჩრდილო ნაწილში, ჩიკაგოში და ლოს ანჯელესში.

ტრამპმა, მთელი მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მტკიცედ განაცხადა უარი გაემჟღავნებინა გადასახადების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე დიდ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

დონალდ ტრამპის კომპანიაში კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებიათ. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ მისი კომპანიის წინააღმდეგ „დემოკრატი“ პროკურორის მიერ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურ შურისძიებას წარმოადგენს.

GUARDIAN.GE