საქართველო

ნინო გიორგობიანი: ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ

ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სუს-ის პრიორიტეტია, იმგვარად იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომ არ დაზიანდეს დემოკრატიული საარჩევნო გარემო.

„უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ​ოპერატიულ-პროფილაქტიკურიღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე იქნა აღკვეთილი.

ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დამძიმება, ამ ეტაპზე, დეტალების გახმაურებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. თუმცა, შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

1tv.ge