„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას აფრთხილებს და არ გამორიცხავს საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს, თუკი „ქართული ოცნება“ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის იგნორირებას შეეცდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ წნეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაძლიერდება და გაგრძელდება აუცილებლად. თუ ხელისუფლება შეეცდება ამის იგნორირებას, სამწუხაროდ, შეიძლება, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს, რაც აბსოლუტურად არ მინდა. არანაირი სცენარი არ არის ოპოზიციის, ისევე, როგორც არ იყო 2003 წლის აპრილში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი შევარდნაძე გავაფრთხილე, რომ თუ ასე გააგრძელებთ, აუცილებლად მოხდება რევოლუცია-მეთქი. სამწუხაროდ, შევარდნაძემ არ გაიგონა და მოხდა ის, რაც მოხდა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი რეალობაც ძალიან ჰგავს შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდს.
„მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას. მუდმივად არის ცინიკური წამოძახილი ხელისუფლების მხრიდან, გვემუქრებით? კი არ გემუქრებით, იმდენი ტვინი უნდა გქონდეს ელემენტარულად, რომ ქვეყნის შვილი და ორი შვილის დედა, როგორც მინიმუმ, გემუქრებოდეს რევოლუციით, რადგან არავინ არ იცის, ეს ქვეყანაში რითი დასრულდება. კი არ გემუქრებით, ხელისუფლებას ვეუბნები, გაფრთხილებთ. არ მინდა, მოხდეს იგივე, რაც 2003-ში, 2007-ში. რეალურია, თუ ასე გააგრძელეს“, აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
guardian.ge