საქართველო

ნინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნების“ შეფასებები, თითქოს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე არცთუ ისე ბევრი ხალხი მივიდა, მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუებაა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული შეფასებები, თითქოს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე არცთუ ისე ბევრი ხალხი მივიდა, მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუებაა.

„ვიდრე 2007 წლის მოვლენები დაიწყებოდა, ერთი კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე უშიშროების საბჭო შეკრებილიყო. მე მას ავუხსენი, რომ 50 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით. კატეგორიულად მოვითხოვდი საბჭოს მოწვევას, მაგრამ სააკაშვილი უარს აცხადებდა. დარწმუნებული იყო, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში არ გამოვიდოდა და სიტუაცია არ დაიძაბებოდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ფართომასშტაბიან მიტინგს წინ კახეთის მიტინგი უძღოდა, სადაც მართლაც ძალიან ცოტა ხალხი მივიდა. ამ ფაქტმა სააკაშვილი ძალიან გაახარა, დააწყნარა და საბოლოოდ უარი თქვა საბჭოს მოწვევაზე. რამდენიმე დღეში კახეთის მცირემასშტაბიან აქციას მოჰყვა თბილისში, სწორედ 50 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და ორ დღეში სააკაშვილის გადადგომა. ეს ფაქტი არავის დაავიწყდეს. ამას ვამბობ თქვენი მისამართით, მოქმედო ხელისუფლებავ! თავს ნუ დაიმშვიდებთ. თვითდაჯერებული ბრიყვების როლში ყოფნა თუ მოგწონთ, იყავით“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.