საქართველო

ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები

სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს, მაშ შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების ნაცვლად, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია აირჩია.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნულ საკითხზე მოსკოვში ტელეკომპანია „პირველი არხის” ეთერში ისაუბრა. მანვე თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ინიციატორი სწორედ სააკაშვილი იყო.

„სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილთან ერთად სათავეში 2012 წელს მოვიდა, იმის მაგივრად, რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები. სააკაშვილი იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი და მას აქვს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს.

როდესაც საქართველო პრაქტიკულად დაყოფილია, არსებობს 2 გადაუჭრელი კონფლიქტი და რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ნატოში გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. კურსი დასავლეთისკენ და კონფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ თავად არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მიიჩნევს, რომ მოცემულ მდგომარეობაში საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკა სჭირდება.

„პარტია, რომელიც ფიქრობს რომ საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკა სჭირდება, ჩვენ ვართ. ახლა რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პუტინმა დააყენა ფეხზე და მას ანგარიში სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.

რაც შეეხება არჩევნებს, მე გადავწყვიტე არ მიმეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან არ მექნებოდა საშუალება რაიმე შემეცვალა ქვეყანაში. საქართველოში არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება და შედეგები იქნება ისეთი, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს უნდა”, განაცხადა ბურჯანაძემ.