საქართველო

ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია. აღნიშნულის შესახებ განცხადება ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანმა განაცხადა.

ენზელ მკოიანი „პირველ არხთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები მიუღებელია, რადგან მაჟორიტარი დეპუტატი არის თავისი რეგიონის წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას ხალხის პრობლემებს წარუდგენს.

„პროპორციული არჩევნები ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაჟორიტარული არჩევნები საჭიროა რეგიონებისთვის“, განაცხადა დეპუტატმა და მაგალითის სახით ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იტალია მოიყვანა, სადაც მკოიანის თქმით, გააუქმეს მაჟორიტარული სისტემა, გადავიდნენ პროპორციულზე და ახლა კვლავ ძველ სისტემას უბრუნდებიან, რადგან თვალნათლივ დაინახეს მაჟორიტარული სისტემის სიკეთე.

ენზელ მკოიანმა ასევე თქვა, რომ ყველა პარტიის ლიდერები, რომლებიც 2020 წელს მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, დედაქალაქიდან არიან. „შედეგად მივიღებთ, რომ პარტიებიდან პარლამენტში 80-90 პროცენტი თბილისელები იქნებიან, ხოლო დანარჩენი 15% კი რეგიონებიდან“, აღნიშნა მან.

ენზელ მკოიანი ინტერვიუში ტურიზმის საკითხსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ თბილისში შექმნილმა დაძაბულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ტურისტების რიცხვი ოდნავ შეამცირა, რამაც მცირე ბიზნესის მფლობელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან საგრძნობლად შემცირდა რესტორნებსა და სასტუმროებში ვიზიტორთა რაოდენობა, მფლობელები გამოხატავენ უკმაყოფილებას. კითხვაზე – სომხეთს შეუძლია გამოვიდეს შუამდგომლობით და ხელი შეუწყოს ქართულ -რუსულ შერიგებას და ამ მხრივ თუ იდგმება ნაბიჯები – მან თქვა, რომ „ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, 28 ივნისს ტურიზმის დარგის სპეციალისტები გაემგზავრებიან ერევანში, შეიმუშავებენ სპეციალურ ფორმულას, სომხური ავიარეისებით მოსკოვიდან რუსი მოქალაქეების გადაადგილებისა და შემდგომ თბილისში გადაყვანის მიზნით“.

დეპუტატმა ისაუბრა რეგიონის ინფრასტრუქტურაზეც, კერძოდ, იმაზე, რომ 2019 წელს ჯავახეთის რეგიონში – ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ასევე წალკის რაიონში მოასფალტდა 148კმ გზის საფარი.

„რა თქმა უნდა, ხალხს უნდა სიტუაციის მოკლე ხანში მოგვარება. ჯავახეთის სომხები ფიქრობენ შექმნილ სიტუაციაზე, მუდამ სახელმწიფოს გვერდით დგანან და სურთ საქართველოს აყვავებასა და წინსვლას შეუწყონ ხელი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე“, აცხადებს მკოიანი.