საქართველო

ნიკა მელია: „ქართული ოცნების“ ლიდერებს მივმართავ – ენა როგორ გიტრიალდებათ და საუბრობთ ოპოზიციის მხრიდან მომდინარე რაღაც თეორიულ დესტაბილიზაციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქალაქ ონში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, კახა ისაკაძემ და გია მეტრეველმა დაჭრეს.

როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მელიამ აღნიშნა, საქმე ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკას ეხება.

„გუშინ, ღამის 12-ის ნახევარზე ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა “ქართული ოცნების” ორი აქტივისტი, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ოჯახის უფროსს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და „ქართული ოცნების” ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში. მძიმე მდგომაროებაში გახლავთ იგი. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ის ვიდრე მე ვსაუბრობ, ებრძვის სიკვდილს”, განაცხადა მელიამ, რომლის თქმითაც, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია დროულად არ მივიდა, რის გამოც, ბურდილაძე თავად წავიდა საავადმყოფოში. მელიას ინფორმაციით, ავტომობილის მართვის დროს, მან გონება დაკარგა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც, ის ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში.

„ონის საავადმყოფოში იგი გააფორმეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული. პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი „ქართული ოცნების” ონის მერთან, ემზარ საბანაძესთან რომელიც გახლავთ ქალაქ ონში იგივე პერსონა, რაც არის ენზელ მკოიანი ახალქალაქში. ის გახლავთ შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამა. მასთან მოლაპარაკებისას, როგორც ჩანს, მათ დასჭირდათ ოთხი საათი და ოთხი საათის განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ, დაჭრილ ადამიანს ვერ და არ აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ვერ გაატარებდნენ იმდაგვარ პაციენტად, რომ თითქოს იგი მოხვდა ავტოსაგზაო შემთხვევაში, გამოიძახეს რეანომობილი და გადაიყვანეს თერჯოლის საავადმყოფოში. ეს ყველაფერი ხდება დილის ექვს საათზე. ანუ, ქალაქ ონიდან თერჯოლამდე როდესაც საათნახევარი სჭირდება და 12-ის ნახევარზე დაჭრეს ადამიანი საკუთარ სახლთან, ექვს საათზე შეიყვანეს საავადმყოფოში….

ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა? – რა გააკეთეს ახალქალაში, როდესაც იარაღის ტარებით გაუსწორდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებს? რას აკეთებს ხელისუფლება, როდესაც მობილიზებული ჰყავს ყველა კრიმინალი….

ეს ხელისუფლება, ივანიშვილის ეს რეჟიმი ფარცხალაძითურთ და გახარიათურთ ჩვენზე საუბრობს? ჩვენ ვაწყობთ, ხალხო, დესტაბილიზაციას? ოპოზიცია, რომელიც გამარჯვებულია პირველ ტურში…. „ქართული ოცნების” ლიდერებს მივმართავ – ენა როგორ გიტრიალდებათ და საუბრობთ ოპოზიციის მხრიდან მომდინარე რაღაც თეორიულ დესტაბილიზაციაზე”, განაცხადა ნიკა მელიამ.