საქართველო

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, 8 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორში – სამგორის და ისნის ოლქებში წარადგენს დეპუტატობის კანდიდატებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, 8 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში – სამგორის და ისნის ოლქებში წარადგენს დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს და სხვა ოლქებში ასპარეზს გაერთიანებული ოპოზიციის სხვა, მცირე ზომის პარტიებს უთმობს. 

მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იღებს მონაწილეობას კონსულტაციებში თბილისის მასშტაბით და ბრძოლას რეგიონებში განაგრძობს.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, გასულ არჩევნებზე, ქალაქ თბილისში, მილიონ ნახევრიან ქალაქში, 200 000 ხმა აღებული პარტია, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიის ხმებზე მეტი არის, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან, 6 მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწრო პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ხვალინდელი დღიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის 2 რაიონში მხოლოდ. ეს არის სამგორის რაიონი და ისნის რაიონი და იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომცრო ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ამ ოლქებში ყველა ძლიერი კანდიდატით“, განაცხადა მელიამ.

GUARDIAN.GE