საქართველო

ნიკა მელია: ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა რჩება ის, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასთვის კი 25 000 ლარიანი ჯარიმის დაწესების თაობაზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა მისი „პარლამენტიდან გამოგდებაა“.

„რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც კვლავ გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღსასრულებლად, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს, კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია მათი კოლეგა იქნება თუ არ იქნება ამ მე-9 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე, ანუ ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ და ბუნებრივია ახლა, თუ მიაჭერს, მიაჭიროს.

„რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება ის, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, ანუ შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე და ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ამოცანა, რომელიც ვერ შეასრულა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ანუ მე შემოვრჩი დეპუტატად მას პარლამენტში და შესაბამისად ახლა, სამაჯური კი მიკეთია ხელთ, კი ოდნავ გამანეიტრალა პოლიტიკური პროცესებიდან, ამომაგდო პოლიტიკური პროცესებიდან, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც მას სურდა. ეს პროცესები ბუნებრივია, ვერ შეჩერდება, ვერ შენელდება, პირიქით, მიიღებს ახალ ენერგიას და მეტი ჟინი და მეტი ენთუზიაზმი ექნება ათიათასობით ადამიანს და არ შეჩერდება, სანამ ივანიშვილი არ დააბრუნებს იმ მიტაცებულ პირობას“, განაცხადა ნიკა მელიამ.