აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ნეთანიაჰუს მსგავსად განცმაც ვერ შეძლო ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება

ისრაელის მოქმედი პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ბენი განცმა, მას შემდეგ რაც ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, ერთი თვის განმავლობაში თავადაც ვერ ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი და ქვეყნის პრეზიდენტის, რუვენ რივლინის მიერ ოქტომბერში განცისთვის მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ერთთვიანი ვადა 20 ნოემბერს, შუაღამისას ამოიწურა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ახლა 21 დღის განმავლობაში ისრაელის ქნესეთის წევრებს აქვთ უფლება, მთავრობის ფორმირების მანდატი პარლამენტის 120 წევრიდან ნებისმიერს გადასცენ. თუ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას ისიც ვერ შეძლებს, 90 დღის განმავლობაში ახალი არჩევნები დაინიშნება.

ისრაელში სექტემბერში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ხელისუფლების სათავეში ათეული წლის განმავლობაში მყოფმა პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა პარტიამ ქვეყნის 120-კაციან პარლამენტში (ქნესეთში) უმრავლესობა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, მკაფიო გამარჯვებულიც ვერ გამოვლინდა, პრემიერმა განაცხადა, რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო 61 კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება, რითაც გზა მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ბენი განცს გაეხსნა და მისი „ცისფერი და თეთრი პარტია“ შეეცადა მთავრობის ფორმირებას, თუმცა უშედეგოდ.

ნეთანიაჰუს მცდელობა განცის პარტია მთავრობის დაკომპლექტებაში ჩაერთო, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა განაცხადა, რომ განცს 28 დღეს აძლევს განახორციელოს მოლაპარაკებები მთავრობის ფორმირების თაობაზე და დაამატა, რომ იგი შეეცდება თავიდან აირიდოს მორიგი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში, სადაც მიმდინარე წელს უკვე ორჯერ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მას შემდეგ რაც განცის მცდელობაც მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, პარლამენტი მესამე კანდიდატს მისცემს საშუალებას მთავრობის დასაკომპლექტებლად, რათა მორიგი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება არ დადგეს დღის წესრიგში, თუმცა დიდია ალბათობა, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების მესამე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდეს და ქვეყანაში ისევ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

17 სექტემბრის რიგგარეშე არჩევნებში ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიამ“ ქნესეთში 32 ადგილი მიიღო, განცის „ცისფერმა და თეთრმა პარტიამ“ კი 33. პრეზიდენტმა რივლინმა მოქმედი პრემიერი შეარჩია კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის, რადგან მას გააჩნდა საუკეთესო შანსი წარმატებით ჩამოეყალიბებინა კოალიცია.

guardian.ge