აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ნეთანიაჰუს განცხადებით ის, რომ იერუსალიმი 3 000 წლის განმავლობაში ისრაელის დედაქალაქია, შეუძლიათ წაიკითხონ იმ „მშვენიერ წიგნში“, რომელსაც „ბიბლია ჰქვია“

ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ პალესტინელებმა, იმისათვის, რომ მშვიდობისკენ ნაბიჯი გადაიდგას, თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია 3 000 წლის განმავლობაში და ის „არასოდეს ყოფილა ნებისმიერი სხვა ხალხის დედაქალაქი“.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა არაბული და მუსულმანური სამყაროს პროტესტი შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო.

BBC-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ძალისხმევები, უარყონ „ ებრაელი ხალხის ათასწლეულების კავშირი იერუსალიმთან, არის აბსურდი“.

„თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ძალიან მშვენიერ წიგნში – მას ბიბლია ჰქვია“, თქვა მან. „თქვენ ეს შეგიძლია წაიკითხოთ ბიბლიის შემდეგაც. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ის ჩვენი ებრაული თემების ისტორიაში დიასპორების მეშვეობით… სად არის სხვაგან ისრაელის დედაქალაქი, თუ არა იერუსალიმში?

„რაც უფრო მალე გაითავისებენ პალესტინელები ამ რეალობას, მით უფრო მალე გადავდგამთ ნაბიჯს მშვიდობის მიმართულებით“.

ნეთანიაჰუს მიერ განცხადებების გაკეთებამდე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში შეერთებული შტატების საელჩოს სიახლოვეს, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გამო შეკრებილ პროტესტანტებსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პროტესტანტებმა, ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში, ავკარის რაიონში მდებარე აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, შენობის მიმართულებით ქვები ისროლეს და ქუჩაში ცეცხლი დაანთეს.

უსაფრთხოების ძალებმა საელჩოს დიდ კომპლექსთან დამაკავშირებელ მთავარ გზაზე ბარიკადები აღმართეს, რომ არ მისცენ საშუალება დემონსტრანტებს წინ წაიწიონ.

(ზოგიერთი პროტესტანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას შეეცადა)

ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი სხვა ქვეყნებშიც გამოხატეს. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აშშ-ის საელჩოსთან. დემონსტრანტების ნაწილი ბანერებს აფრიალებდა, რომელზეც ეწერა: „პალესტინა ჩვენ გულებშია“.

შაბათს, ცეცხლმოკიდებული საგანი იქნა ნასროლი სინაგოგისკენ შვედეთის ქალაქ გოტენბურგში, რაც პოლიციის ცნობით, ცეცხლის წაკიდების წარუმატებელი მცდელობა იყო. ებრაული საზოგადოების ლიდერმა, ალან სტუტზინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო მოვლენები „უფრო დიდი საფრთხეების“ შემცველია.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხალხმრავალ მიტინგზე თქვა, რომ იგი არ მიატოვებს იერუსალიმს იმ სახელმწიფოს ხელში, რომელიც „კლავს ბავშვებს“.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერი „თავს დაესხა ისრაელს“.

„მე არ ვაპირებ მივიღო ლექციები მორალურობის შესახებ იმ ლიდერისაგან, რომელიც ბომბავს ქურთულ სოფლებს მის მშობლიურ თურქეთში, რომელიც ასამართლებს ჟურნალისტებს, ეხმარება ირანს გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს და იმ ლიდერისაგან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მათ შორის ღაზაში, და კლავს უცოდველ ადამიანებს“, დაამატა მან.

ერდოღანმა იერუსალიმი აღწერა, როგორც „წითელი ხაზის“ საკითხი მუსულმანებისთვის და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თურქეთმა ამ საკითხის გამო, შესაძლოა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

თურქეთმა და ისრაელმა სულ ცოტა ხნის წინ, გასულ წელს აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები, ექვსი წლის შემდეგ, რაც თურქეთმა გაწყვიტა ის მას მერე, რაც გემზე, რომელიც ცდილობდა ღაზადან საზღვაო ბლოკადის გარღვევას, ისრაელის დესანტსა და იქ მყოფთა შორის შეხლა-შემოხლისას 9 პრო-პალესტინური თურქი აქტივისტი დაიღუპა.

ამასობაში, არაბული სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ახლო აღმოსავლეთის „ძალადობასა და ქაოსში“ ჩაძირვის რისკებს შეიცავს.

BBC-ის ცნობით, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე ნეიტრალიტეტის დასრულება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება დასაყრდნობი შუამავალი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.

22 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის ახლო მოკავშირეთა, ერთობლივი განცხადება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში სამდღიანი ძალადობისა და პროტესტის შემდეგ გაკეთდა.

ისრაელი იერუსალიმს ყოველთვის მის დედაქალაქად მიიჩნევდა, მაშინ როცა პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს, რომლის ოკუპაციაც ისრაელმა 1967 წლის ომის დროს მოახდინა, თავიანთი მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

ტრამპისთვის ამგვარი გადაწყვეტილება, მისი საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებაა და როგორც მან თქვა, ეს არის „არც მეტი, არც ნაკლები, რეალობის აღიარება“, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი სასტიკი კრიტიკის საგანი გახდა.

არაბული ლიგის რეზოლუცია ქაიროში, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა (ადგილობრივი დროით 03:00). მას მხარდაჭერა აშშ-ის რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, საუდის არაბეთმა და იორდანიამ გამოუცხადა.

რეზოლუციაში წერია:

შეერთებულმა შტატებმა თავისი გადაწყვეტილებით „გამოთიშა თავისი თავი, როგორც სპონსორმა და შუამავალმა“ ისრაელ-პალესტინის ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო პროცესიდან;

 ტრამპის ნაბიჯი „აღრმავებს დაძაბულობას, აქეზებს რისხვას და საფრთხეს უქმნის რეგიონს ჩაეფლოს უფრო მეტ ძალადობასა და ქაოსში“;

გაკეთდება მოთხოვნა გაეროსადმი, რომ მისმა უშიშროების საბჭომ დაგმოს ეს გადაწყვეტილება.

პარასკევს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა თავისი თავი იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოაჩინა, რადგან საბჭოს სხვა 14-ივე წევრმა დაგმო ტრამპის გადაწყვეტილება, რამაც გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის საერთაშორისო ორგანიზაციისადმი კრიტიკა გამოიწვია, ბრალი დასდო რა მას მიკერძოებულობასა და „ისრაელის მიმართ მტრობაში“.

შაბათს, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან მოისმინა „ტრამპის ისტორიული განცხადების მგმობელი გამოსვლები“, მაგრამ „არ მოუსმენია რაიმე დაგმობა იმ რაკეტების ისრაელის წინააღმდეგ გაშვების გამო, რაც საშინელი წაქეზება გახდა ჩვენ წინააღმდეგ“.

პარასკევს ღაზადან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა იქნა გაშვებული, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო დარტყმები მოჰყვა.

GUARDIAN.GE