აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ნეთანიაჰუმ ირანს მსოფლიოსთვის „ყველაზე დიდი საფრთხე“ უწოდა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასტიკი თავდასხმა წამოიწყო ირანზე, უთხრა რა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომ ირანი „ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი მსოფლიოსთვის“.

როგორც BBC იუწყება, მან თქვა, რომ ისრაელი „ნებას არ დართავს ირანის რეჟიმს ჩვენ კისერზე ტერორიზმის ყულფი ჩამოგვაცვას“.

ნეთანიაჰუმ პარალელი გაავლო 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასა, რომელიც ნაცისტური გერმანიის მოფერების წარუმატებელ მცდელობად არის შეფასებული, და 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას შორის.

მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ მხოლოდ „სახიფათო ირანული ვეფხვი აუშვა“.

ნეთანიაჰუმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიუნხენის კონფერენციაზე მყოფ მუჰამედ ჯავად ზარიფს, რომელმაც კვირას მოგვიანებით უნდა მიმართოს კონფერენციას, ბრალი დასდო „ირანის რეჟიმის ხავერდოვნად წარმოჩენაში… რეჟიმისა, რომელიც მჭევრმეტყველებით იტყუება“.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ცრუობს, როცა უარყოფს, რომ მან გაგზავნა დრონი ისრაელის ტერიტორიაზე გასულ კვირას, რომელიც ისრაელის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული.

ხელში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტის დაკავებით, რაც მისი თქმით, ისრაელის მიერ განადგურებული დრონის ნაწილი იყო, მან ზარიფს პირდაპირ მიმართა: „აღიარებთ ამას? თქვენ უნდა აღიაროთ, ეს თქვენია. ნუ გვცდით ჩვენ“.

მას შემდეგ რაც ისრაელმა გასული კვირის ბოლოს ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს.

„ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა და განვაგრძობთ ამას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც იქნება საჭირო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შაბათს, ირანული დრონის ხელში ჩაგდებისა და სირიული ძალების მიერ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელმა სირიაში ირანულ სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები წამოიწყო.

ნეთანიაჰუმ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ისრაელის პოლიტიკა, დაიცვას თავისი თავი, „ჩვენი სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობის“ წინააღმდეგ, „აბსოლუტურად ნათელია“.

„ირანმა უტიფრად დაარღვია ისრაელის სუვერენიტეტი“, განაცხადა მან და დაამატა: „მათ გამოაგზავნეს ირანული დრონი სირიის ტერიტორიიდან ისრაელში… ისრაელი პასუხისმგებლობას ირანს და მის მასპინძელ სირიას აკისრებს“.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი წინააღმდეგობას გაუწევს ირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში, მაგრამ ამავე დროს, სამხედრო ძალების მეთაურებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ „ისრაელი მშვიდობას დაეძებს“.