საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საქართველოშია და ძალიან მალე გამოჩნდება, „ქართულ ოცნებაში“ კი ამას „კლოუნადად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ „სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც იგი ამბობს, რომ ეს არის ბათუმი, რომელიც ძალიან ენატრებოდა და დღეს არის მისი ოცნების ასრულება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ორკესტრირებულად ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საქართველოშია და ძალიან მალე გამოჩნდება, „ქართულ ოცნებაში“ კი ამას „კლოუნადად“ აფასებენ.

ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი საქართველოშია. ასევე, კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ ის იქნებოდა ძალიან შორს, როდესაც რუსი ოლიგარქის პროკურატურა მას დაიბარებდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მას მოიხმობდა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ და დაამატა: „ძალიან მალე გამოჩნდება დარწმუნებული ვარ“.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ისე, როგორც შეჰპირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჯერი ჩვენზეა, იმ ადამიანებზე, ვისაც გვაქვს ხვალ უფლება და საშუალება, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი“, – აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

მან „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სიმართლეს არ შეესაბამება, ასე შეაფასა:

„ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ რეაქცია სხვა რა შეიძლება, ყოფილიყო, მათ კიდევ ერთხელ განიზრახეს, რომ თავი გაეშტერებინათ, მოესულელებინათ. ყველა, ვინც კი ბათუმშია ნამყოფი, ყველა ცნობს იმ ადგილს, საიდანაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ჩანაწერი. გუშინდელი ღამის არის, ეს არის ბათუმის ახალი ბულვარი, ყველამ კარგად იცის და ახლა აღარ არის უკვე ამაზე მსჯელობა, აღარ არის ამაზე საუბარი. ნუღარ გაისულელებენ თავს, ნუღარ გაიშტერებენ თავს და ნუღარ შეეცდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეებს ნაცარი კიდევ ერთხელ შეაყარონ თვალში. ცხრა წელი ამით არიან დაკავებული. ყველაფერს აქვს საზღვარი და სიშტერესაც აქვს საზღვარი. ახლა რა უნდათ, რა ჰგონიათ რომ თავისნაირია საქართველოს მოქალაქე? ახლა თუ სააკაშვილი საქართველოში არ არის, თუ ის ფაქტორი საერთოდ არ არის, ხომ ამაზე საუბრობდნენ, ცხრა წელია, ხომ ამაზე საუბრობენ, რომ ის ფაქტორი არ არის, რას გამოლაგდნენ, რას ჩაეწყნენ, რას დამწკრივდნენ და ჭკვიანი სახეებით სისულელეებს რას ამტკიცებენ?!“ – განაცხადა კირკიტაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა რა ინფორმაციაც გაავრცელა, არის სრული ჭეშმარიტება, სააკაშვილის ვიდეო ძველი არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის ჩამოშლილი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, რომ ხვალ მივდივართ არჩევნებზე, ვხაზავთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს, ვიფორმებთ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილმა რა ინფორმაციაც გაავრცელა, არის სრული ჭეშმარიტება, მისი მთავარი ამოცანაც არის, დავიცვათ ხმები და საბოლოოდ დავამარცხოთ ოლიგარქია. ეს არის გარდაუვალი და გარდაუვალია საქართველოს გამარჯვება. ამაში დარწმუნებული ვარ.

სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო ძველი არ არის, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ეს როგორ უნდა იყოს ძველი. ჩემს ძვირფას მოქალაქეებს და მეგობრებს მინდა ვუთხრა, არ მოუსმინოთ კობახიძეს. „ქართული ოცნება“ არის ჩამოშლილი თავიდან ბოლომდე. როგორ უნდა დაემუქროს მიხეილ სააკაშვილს კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან პატიმრობა. კარგით რა. ზიზღი და აგრესია უნდა დასრულდეს. ხვალ გამარჯვება უნდა გავიფორმოთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია სააკაშვილის ქმედებების, „კლოუნადის“ შეფასება.

„საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება, შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, აქ იყო და იქ გაიარაო. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, უკაცრავად, გჯერათ?, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. დავანებოთ ამ თაღლითობას თავი.

ამასთან, მისივე განცხადებით, სააკაშვილი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება.

„ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. უტყუარი ინფორმაციაა, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არის შიდა ბრძოლები იმასთან დაკავშირებით, ვინ მიიღებს 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამის შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მისი დაჭერა კიდევ ცოტა ხნით გადაიწევს.

„ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებები და მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არის შიდა ბრძოლები და ამ შიდა ბრძოლების შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. შეიძლება, ეს ცუდიც არის, რადგან როდესაც ხალხმა გაიგო იმის შესახებ, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად დამობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით, თუმცა კანონი საბოლოოდ მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა. ძალიან ბევრ რამეს ვეყრდნობი და ძალიან მყარად გეუბებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ის არის კლოუნი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე საზოგადობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას მაინც მოვუწოდებ 2 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ, რათა ეს კლოუნადა დასრულდეს, 25 პროცენტიც არ უნდა აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა დიფ ფეიკის ტექნოლოგია, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივად არის გადაღებული, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გვეტყვიან ამაზე პასუხს. ძალიან მარტივი ფეიკია, რაც მიხეილ სააკაშვილისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როცა ოფისისკენ მოვდიოდი, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა და ახლა ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით.

„დიპფეიკზე იმდენი ილაპარაკა „მთავარმა არხმა“, რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, მეორე ეს თუ ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა დიდი ალბათობით ეს არის რეალითი შოუ. ფაქტია, ამ ადამიანს ბავშვობაში დაუხუჭობანას არავინ ეთამაშებოდა, ახლა ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით. დახუჭობანას თამაშობს, ძალიან სასაცილო და არასერიოზულია. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს, ისინი ამაზე გაგცემენ პასუხს, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს არის ღრმად არასერიოზული, მართლა მგონია, რომ ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა“, – განაცხადა დავითულიანმა.

პოლიტიკოსების კომენტარებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.